საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100118002674030
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№518აპ-20 ქ. თბილისი
პ–ა ი., 518აპ-20 15 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ქმედებაში; პროკურორის მითითებით, საქმის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. პ–ს ბრალეულობას; დაზარალებულმა გ. კ–მა და მისმა ვაჟმა - ლ. კ–მა ამოიცნეს ი. პ–ა და მიუთითეს, რომ სწორედ მან ჩამოწყვიტა ძეწკვი დაზარალებულს და არ არსებობდა მათში დაეჭვების გონივრული საფუძველი; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. კ–ისგან ამოღებული ძეწკვის დაბოლოებაზე არსებულ ჩამკეტ მექანიზმს აღენიშნებოდა დაზიანება ტეხვის სახით, რომელიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, დაზარალებულის ძეწკვის არა განზრახ, არამედ - შემთხვევით ჩამოწყვეტის თაობაზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. პ–ს ბრალად დაედო ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, თ–ში, ბ–ის რიგის ქუჩაზე მდებარე კლუბ "...........“ შესასავლელთან, ირაკლი პაპავა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა გ. კ–ის კუთვნილ ოქროს ძეწკვსა და ოქროს ჯვარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. ი. პ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით ი. პ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. პ–ს ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელიც ითხოვდა ი. პ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი შეიცვალა და ი. პ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9.საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი. პ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ი. პ–ს ბრალეულობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელიც ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად, რომლის საპირისპირო მტკიცება არ უნდა გამომდინარეობდეს მათი ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა ი. პ–ს სასარგებლოდ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებობდა პირის მსჯავრდებისათვის.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციოსაჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი