საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №906აპ-19 ქ. თბილისი
გ. ი-მ, 906აპ-19 14 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ი. გ. ცხოვრობს დედასთან - ს. ა-თან ერთად თ-ში, ქ. ფ-ში, მ. ფ-ის ქუჩის, მე-- ჩიხის, N--ში.
თანაცხოვრების პერიოდში, ი. გ. ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და მთვრალი სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას და ამცირებს ს. ა-ას. ასევე, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, რაც იწვევს დაზარალებულის ტანჯვას და მუქარის გამო, მას მუდმივად აქვს შიშის გრძნობა. 2018 წლის 4 დეკემბერს, საღამოს, მთვრალი ი. გ. ს. ა-თან ერთად იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მათ შორის წარმოშობილი ურთერთშელაპარაკებისას, ი. გ. გახდა აგრესიული და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს. ა-ას, რომლის მიმართ ასევე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ი. გ-მა დედამისს - ს. ა-ას თავის არეში დაარტყა მუშტი, რამაც გამოიწვია ს. ა-ას ფიზიკური ტკივილი.
1.2. ამავდროულად, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, ი. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ი. გ-ის ქმედებების შედეგად მიადგა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზიანი.
1.3. ი. გ-ის მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის გამო, ს. ა-ამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლის თანამშრომლებმაც ი. გ. ბრალდებულის სახით ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით:
2.1. ი. გ., - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
2.2. გამართლებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - პროკურორი ნ. ჯაყელი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ი. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5. კასატორი უთითებს, რომ პატრულ-ინსპექტორმა ი. ჯ-ემ შეადგინა პატაკი, რომლის თანახმადაც, გამოძახების საფუძველზე ისინი შესაბამის მისამართზე გამოცხადდნენ, სადაც დახვდათ ს. ა.. აღნიშნულმა პირმა მათ განუცხადა, რომ მასზე შვილმა - ი. გ-მა იძალადა, რის საფუძველზეც ი. გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პატრულ-ინსპექტორების გამოკითხვის ოქმები, ისევე როგორც პატაკი და შეტყობინება, ცნობილია უდავოდ და მათში მითითებული გარემოებები სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად მისი არსებითი განხილვისათვის.
8. როგორც საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ს. ა-ამ უარი განაცხადა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. თავად ი. გ-მა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება. სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით კი არ დასტურდება ს. ა-ას სხეულზე დაზიანების არსებობისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტი. სხვა, ირიბი მტკიცებულებები (მათ შორის - დ. დ-სა და ი. ჭ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები) არ არის საკმარისი ი. გ-ის წარდგენილ ბრალდებებში გამტყუნებისათვის.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი