საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.12.2020
საქმის ნომერი
2კ-886აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №886აპ-19 ქ. თბილისი

ს. ს., 886აპ-19 4 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

1.1. 2011 წლის 18 ოქტომბერსა და 2011 წლის 1 ნოემბერს სს „ს-სა“ და სს „ს-ს“ შორის გაფორმდა მომსახურების №- და №- ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით, სს „ს-ი“ უზრუნველყოფდა წ-ის, მ-სა და ბ-სის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სს „ს-ის“ საკუთრებაში არსებული, მიწისქვეშ განთავსებული, სხვადასხვა ტიპის 140 000 გრძივი მეტრის მაგისტრალური კაბელების მიწიდან დემონტაჟის სამუშაოებს. თავის მხრივ, სს „ს-მა“ გააფორმა ხელშეკრულებები ქვეკონტრაქტორებთან: 2011 წლის 1 ნოემბერს - შპს „ტ-თან“ (დირექტორი ს. ს.), ხოლო 2011 წლის 16 ნოემბერს - ინდმეწარმე „თ. მ-სთან“. ხელშეკრულებების მიხედვით, შპს „ტ-ს“ უნდა განეხორციელებინა 52 000 გრძივი მეტრის სიგრძის კაბელის, ხოლო ინდ. მეწარმე „თ. მ-ეს“ 84 818 გრძივი მეტრი კაბელის სადემონტაჟო სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულებებით ერთი გრძივი მეტრი კაბელის სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა - 1.90 ლარს.

1.2. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტ-ს“ რეალურად შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 13065,78 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოები, 2011 წლის დეკემბერში შპს „ტ-ის“ დირექტორმა ს. ს-ემ ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, შეადგინა და იმავე წლის ბოლოს სს „ს-ს“ წარუდგინა ყალბი მონაცემების შემცველი, ჯამურად - 15955.60 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტები და მოსთხოვა შესაბამისი ანაზღაურების გადახდა. მოგვიანებით, 2012 წელს, შპს „ტ-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მტკიცებულების სახით ასევე წარადგინა ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტი, რომლებზე დაყრდნობითac სს „ს-ს“ დაეკისრა 15955.60 გრძივი მეტრის სამუშაოს ანაზღაურება და შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული ქმედებით შპს „ტ-ის“ დირექტორი ს. ს. მოტყუებით დაეუფლა თანხის გადახდის მოთხოვნის ქონებრივ უფლებას, რითაც სს „ს-ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ს. ს., - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გამართლებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. ზემოაღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - სტაჟიორ-პროკურორი მ. ბეგიაშვილი საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ს. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე უთითებდა მოსარჩელის მიერ მისი შეცდომაში შეყვანის თაობაზე. ამდენად, თ. თ-ის პოზიციით ნათელი ხდება, რომ მან მიღება-ჩაბარების აქტებს ხელი მოაწერა ნდობის ფაქტორით, რასაც საფუძვლად დაედო მოტყუება ს. ს-ის მხრიდან. ბრალდების მხარემ მათემატიკური სიზუსტით დაადგინა, რომ „ტ-მა“ რეალურად ჩაატარა 13065.71 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოები და არა - ს. ს-ის მიერ ყალბ მიღება-ჩაბარების აქტებში ნაჩვენები 15955.60 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოები.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების (მათ შორის: სს „ს-სა“ და შპს „ტ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების) საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ს. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

8. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე