საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010100115793291
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №695აპ-18 ქ. თბილისი
ბ–ი ა., 695აპ-18 20 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარიქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ა. ბ–ის ბრალეულობა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
2. საბრალდებოდასკვნის თანახმად, ა. ბ–ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა. ბ–ი მეგობარ ვ. მ–თან ერთადდროებით ცხოვრობდა ქ. .........ში, ............, სახლი №..., ბინა №.-ში. ........ წლის .. ივლისს, წინა დღეებში მათ შორის მომხდარი უთანხმოების გამო, ა. ბ–მა მძინარე ვ. მ–ს თავის არეში მიაყენა რამდენიმე დაზიანება მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ა. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ა. ბ–ი, - დაბადებული ..... წელს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ემუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გაუქმდა ა. ბ–ის მიმართ განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის30 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ა. ბ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან: დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. მ–ისა და მოწმე ა. გ–ის ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას ვ. მ–ის გარდაცვალების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ვ. მ–ის გვამი, რომლის სიკვდილის მიზეზია ქალასარქვლის ძვლების ღია შეჭეჭყილი მოტეხილობა თავის ტვინის ნივთიერებებისა და მისი გარსის დაზიანებით, თუმცა ამ მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურება ან უარყოფა; მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული წერილი, რომელიც კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შედგენილია ა. ბ–ის მიერ, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ა. ბ–მა განზრახ მოკლა ვ. მ–ი. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა ა. ბ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი