დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.11.2020
საქმის ნომერი
33აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700080607

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №33აგ-20 თბილისი

რ. პ., 33აგ-20 12 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენით პ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

პ. რ-ს, დ. მ-სა და მ. მ-ს ბოლო ორი წლის განმავლობაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, კონფლიქტი ჰქონდათ თანასოფლელ ვ. ნ-სა და მისი შვილების - ვ. და გ. ნ-ს ოჯახებთან. იყო შემთხვევები, როდესაც მათი უთანხმოება გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. აღნიშნულით განაწყენებულებმა განიზრახეს გ. ნ-ს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2004 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, მივიდნენ სოფელ ა-ში, ფერმებთან, სადაც იმყოფებოდა გ. ნ.. ისინი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით. დ. მ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დანაშაულის ჩადენის უშუალო ამსრულებლობით, გ. ნ-ს მიაყენა ჭრილობა ზურგის არეში, რის შედეგადაც იგი დაეცა მიწაზე. აღნიშნულის შემდეგ დანაშაულის ჩადენის თანაამსრულებლებმა - მ. მ-მ და პ. რ-მ დ. მ-ს მოუწოდეს, მეორედაც ესროლა გ. ნ-სათვის, რათა იგი აუცილებლად მომკვდარიყო. ამ მიზნით, დ. მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ. ნ-ს მიაყენა ჭრილობები მარცხენა საფეთქლისა და შუბლის ძვლების მოტეხილობით, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენით პ. რ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებები მოეხსნა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 16 აგვისტოდან.

3. ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: დ. მ-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 17 წლით; მ. მ-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 16 წლით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. რ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. 2019 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ პ. რ-ს ადვოკატმა მ. ნ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების გადასინჯვა იმ მოტივით, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „რ. საქართველოს წინააღმდეგ“ (Rostomashvili v. Georgia, საჩივარი №13185/07) დასაშვებად ცნო წარმოდგენილი საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის §1 საფუძველზე, შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების არაადეკვატურ დასაბუთებასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი ცნო დაუშვებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის §1.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ პ. რ-ს ადვოკატ მ. ნ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში შევიდა ცვლილება: პ. რ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარდგენილ მსჯავრდებაში გამართლდა; ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებიდან ამოირიცხოს მითითება პ. რ.ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ; სხვა ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, რომელმაც ითხოვა მისი გაუქმება და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს გადაწყვეტილებები პ. რ.ს ბრალეულობის ნაწილში, უპირობოდ არ უნდა გამხდარიყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების შეცვლისა და პ. რ.ს გამართლების საფუძველი, არამედ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას უნდა დაესაბუთებინა განაჩენი საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც საკმარისია პ. რ.ს მსჯავრდებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „რ. საქართველოს წინააღმდეგ“ (Rostomashvili v. Georgia, საჩივარი №13185/07) დასაშვებად ცნო წარმოდგენილი საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის §1 საფუძველზე, შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების არაადეკვატურ დასაბუთებასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი ცნო დაუშვებლად და დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის §1.

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეში კვლავაც აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის §1 ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს, საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC], № 926/05, 16 ნოემბერი 2010, §91 და Nikolay Genov v. Bulgaria, № 7202/09, 13 ივლისი 2017, §27). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 29; García Ruiz v. Spain [GC], № 30544/96, 21 იანვარი 1999, §26 და Moreira Ferreira v. Portugal [GC] № 19867/12, 11 ივლისი 2017, §84).

6. მომჩივნის მიერ წამოყენებულ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის მოთხოვნის (იხ. Fomin v. Moldova, № 36755/06, 11 ოქტომბერი 2011, §31) ვალდებულება წინასწარვე გულისხმობს, რომ მხარეებს აქვთ კონკრეტული და ზუსტი პასუხის მიღების მოლოდინი არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ. სხვა ინსტანციებს შორის Moreira Ferreira, ციტირებული ზემოთ, § 84; Tchankotadze v. Georgia, № 15256/05, 21 ივნისი, 2016 §103 და Deryan v. Turkey, no. 41721/04, 21 ივლისი 2015, §33). გადაწყვეტილებიდან უნდა ჩანდეს, რომ საქმეში არსებული საკვანძო საკითხები განხილულ იქნა (იხ. Boldea v. Romania, № 19997/02, § 30, 15 თებერვალი 2007 და Uche v. Switzerland, № 12211/09, § 37, 17 აპრილი, 2018).

7. წინამდებარე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თუნდაც მოკლედ, მაგრამ მიმოიხილა მომჩივნის არგუმენტი ალიბთან დაკავშირებით. ეროვნულმა სასამართლომ განმარტა, რომ დაცვის მოწმეთა ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, რის გამოც ისინი ჩაითვალა არასანდოდ.

8. ამის საპირისპიროდ, ეროვნული სასამართლოებისთვის მომჩივნის მიერ წარდგენილ ორ მთავარ არგუმენტს არ გაეცა ზუსტი პასუხი. პირველი - მომჩივანი დავობდა, რომ საქმეზე, სხვა ბრალდებულისაგან განსხვავებით, მტკიცებულების არცერთი ნაწილი, რომელიც ეხებოდა მას და მის სავარაუდო ქმედებებს, არ ცხადყოფდა დანაშაულში მის მონაწილეობას; და მეორე - მომჩივანი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მკვლელობის შემდეგ მალევე მსხვერპლის მამა სახლში ნახეს, რომელმაც, თითქოსდა, არ იცოდა შვილის მკვლელობის ამბავი; გაუგებარია, რატომ აჩვენებდა იგი თავს, რომ თითქოს, მისთვის არ იყო ცნობილი შვილის მკვლელობის თაობაზე. სწორედ ეს ჰბადებს ღიად ეჭვს, იყო თუ არა იგი ნამდვილად დანაშაულის თვითმხილველი. ამ გარემოებებზე დაყრდნობით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება მოკლებული იყო ყოველგვარ ფაქტობრივ და მტკიცებულებით საფუძველს და ემყარებოდა უბრალო ეჭვს, რაც არღვევდა შესაბამის კანონმდებლობას (იხ. Rostomashvili ციტირებული ზემოთ §§55-58).

9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კვლავაც განმარტა, რომ მის ამოცანას არ წარმოადგენს იმ მეთოდის შემოწმება, რომლითაც ეროვნული სასამართლოები აფასებენ ექსპერტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმის ჩვენებებს. სასამართლო არც იმისთვის არის მოწვეული, რომ დაადგინოს ეროვნული სასამართლოების მიერ მსჯავრდებული პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა, ეს საკითხი ეროვნული სასამართლოების კომპეტენციას მიეკუთვნება (იხ. mutatis mutandis, Rohlena v. the Czech Republic [GC], № 59552/08, 27 იანვარი 2015, § 55 და Popov v. Russia, № 26853/04, 13 ივლისი 2006, §188). ამასთანავე, სასამართლო აღიარებს, რომ ასეთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ბრალდებულის დამნაშავეობის დასადგენად იყენებს მოწმის ჩვენებას, შეუძლია დაეყრდნოს უშუალო კონტაქტს მოწმესთან, რომლის ჩვენების სანდოობაც მან სათანადოდ უნდა შეაფასოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება შეაფასოს, შეესაბამებოდა თუ არა კონვენციას სასამართლო განხილვა მთლიანობაში, რაც მოიცავს ეროვნული სასამართლოების ვალდებულებას, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები (იხ. Rostomashvili ციტირებული ზემოთ §59).

10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ ეროვნული სასამართლოების წინაშე წამოყენებული ორი არგუმენტი უკავშირდებოდა მის მიმართ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის ძირითად ნაწილს და მოითხოვდა კონკრეტულ და ზუსტ პასუხს, თუმცა არცერთ ეროვნულ სასამართლოს აღნიშნული პასუხი არ გაუცია. ეროვნული სასამართლოების მიერ გაცემული ზოგადი პასუხი, რომ „საქმის მასალებში არსებული ყველა მტკიცებულება“ საკმარისი იყო მომჩივნის დამნაშავედ ცნობისთვის, არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის მიერ სასამართლოებისადმი წარდგენილ არგუმენტებზე კონკრეტულ და ზუსტ პასუხად. ფაქტობრივად, ასეთი პასუხი წინამდებარე საქმის გარემოებებთან მიმართებით წარმოადგენს აშკარად ნაკლებ დასაბუთებას, ხოლო ეროვნული სასამართლოების მხრიდან ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების არცერთი ნაწილი არ მიუთითებდა მომჩივნის დამნაშავეობაზე და ერთადერთი თვითმხილველის ჩვენება არაერთხელ გასაჩივრდა, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი უტყუარობა და მტკიცებულებითი ღირებულება. გამომდინარე აქედან, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის დასაბუთებულ არგუმენტებს პასუხი ვერ გასცეს ვერცერთი ფორმით (იხ. Fomin, ციტირებული ზემოთ, §30, და საპირისპიროდ Kuparadze v. Georgia, №. 30743/09, 21 სექტემბერი 2017, §§72-73).

11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანისას ვერ შეასრულეს საქმის სამართლიანი განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ, წარმოედგინათ გადაწყვეტილების მიღების ადეკვატური მიზეზები. შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის §1 დარღვევა (იხ. Rostomashvili ციტირებული ზემოთ §§60-61).

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაისინჯოს განაჩენი, ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა და ის, რომ გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევაზეა დაფუძნებული.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და რომლითაც დადგინდა პ. რ.ს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის §1 დარღვევა შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების არასათანადო დასაბუთების გამო და პ. რ.ს მიმართ გადასასინჯი გადაწყვეტილებები სწორედ ამ დარღვევას ეფუძნება. ამდენად, გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გადაწყვეტილებების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის კანონიერი წინაპირობები.

14. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. რ.ს მიერ ეროვნული სასამართლოების წინაშე წარდგენილი ორი ძირითადი არგუმენტი, რომლებიც ეროვნულმა სასამართლოებმა პასუხგაუცემელი დატოვეს, მდგომარეობდა შემდეგში: დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ერთადერთი თვითმხილველის ჩვენება შეიცავდა ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას და ვერ აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და საქმეში არსებული არცერთი ექსპერტიზის დასკვნა არ მიუთითებდა პ. რ.ს დამნაშავეობაზე.

16. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელმაც შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებების რელევანტურობა, დასაშვებობა, უტყუარობა და ერთობლივად მათი საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის და მართებულად მიიჩნია, რომ გამოკვეთილი არ ყოფილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ნ-ს ჩვენებისა და მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და დაპირისპირების ოქმების საეჭვოდ მიჩნევს გონივრული საფუძველი, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვებოდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პ. რ.ს დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებისათვის.

17. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტაციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ვერ დადგინდა უტყუარად პ. რ.ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან, გარდა დაზარალებულ ვ. ნ-ს ჩვენებისა და ამ ჩვენების გაგრძელებებისა - საგამოძიებო ექსპერიმენტისა და დაპირისპირების ოქმებისა, რომლებიც სასამართლომაც გაიზიარა, მოწმეების - ნ. -ს, ვ. თ-ს, ლ. ვ-ს, რ. ბ-ს, გ. დ-ს, თ. ბ-ს, ა. ც-ს ჩვენებები არის ირიბი, ხოლო მოწმეების - ი. ჯ-ს, ჯ. ს-ს, მ. და მ. მ-სა და ს. პ-ს ჩვენებები, პ. რ.ს მსჯავრდებასთან მიმართებით, კონკრეტულად არაფრისმთქმელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა პ. რ.ს ბრალეულობას.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელიც ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მისი საპირისპირო მტკიცება არ უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით, მართებულად გადაწყვიტა პ. რ.ს სასარგებლოდ.

19. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის თანახმად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი