საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.11.2020
საქმის ნომერი
2კ-564აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002026570

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №564აპ-20 ქ. თბილისი

ს–ე დ., 564აპ-20 13 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის - ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ს–ს, - დაბადებულს ....... წელს, - ბრალად ედებოდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. ს–ე და ვ. წ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლიდან 2010 წლამდე. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, ვინაიდან დ. ს–ე მიზნად ისახავდა თბილისში, .....ის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ვ. წ–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მოპოვებას, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ქორწინების აქტი, რომლის თანახმადაც, ვითომდა დ. ს–ე და ვ. წ–ი 2001 წლის 15 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ხსენებული ყალბი დოკუმენტი, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის მიზნით, სასარჩელო განცხადებასა და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, 2012 წლის ივლისში წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ვ. წ–ი და დ. ს–ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და დ. ს–სე 923 000 ლარად შეფასებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნო, რის შემდეგაც, ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დ. ს–მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავის სახელზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დ. ს–ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ დ. ს–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 იანვრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ქ. ......ში, .......ის საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთს, ფართი: 3000.0კვ.მ, საკადასტრო კოდი N...........

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უსამართლო და უკანონო, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც გამართლებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე მის მამხილებელ მტკიცებულებებს, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.

8. სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას დ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებდა აღნიშნავს, რომ დ. ს–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006). ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

10. საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის - ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე