საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #080100119002988406
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №8აპ-20 ქ. თბილისი
გ–ა ი., 8აპ-20 18 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებული ი. გ–ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. დ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ი. გ–ას გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ი. გ–ა, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ი. გ–ას მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებული იყო დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ი. გ–ს ბრალეულობას.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორები არ უთითებენ არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.
6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. კასატორები - მსჯავრდებული ი. გ–ა და მისი ადვოკატი საკასაციო საჩივრებში ვერ უთითებენ სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებასა და ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას, რაც გულისხმობს მესაკუთრის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნა, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში.
8. საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. ი. გ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ. ზ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. .........ში, ............ გამზირის #.-ში, ბინა #.-ში და დაადგინა, რომ საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს უნდა ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში (ტ.1.ს.ფ.62-66).
9. სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების შესახებ 2018 წლის 13 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ 07.11.2017 წლის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ იქნა გამოსახლების პროცესი მოვალე ი. გ–ას მიმართ ქ. ...........ში .............ს გამზ. N..-ში. ოქმის თანახმად გამოსახლების პროცესს არ დასწრებია მოვალე ი. გ–ა, მას ესწრებოდა კრედიტორი მ. ზ–ი, რომელმაც ჩაიბარა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით მოსარჩელე ი., გ., ნ. კ–ებისა და ს. გ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა იძულებითი სააღსრულებო წარმოება A.... ი. გ–ას მიმართ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან თანხის გადმორიცხვამდე (ტ.1.ს.ფ.103-106).
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით მ. ხ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ი. გ–ას მიმართ იძულებითი A...... სააღსრულებო საქმის წარმოება (ტ.1.ს.ფ.69-73).
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რომ ი. გ–ასთვის ცობილი იყო რომ არ ჰქონდა ქ. ........ში ...........ას N..-ში მდებარე ბინაში ცხოვრების უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა მან დაარღვია საკუთრების უფლება და უკანონოდ შეაღწია სხვის ბინაში. სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მათ შორის 2018 წლის 6 დეკემბრის გამოკითხვის N ....... ოქმს, რომლის თანახმად ი. გ–ას გამომძიებელმა მ. ბ–ემ გააცნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება. განჩინების მიხედვით ი. გ–ს და მისი ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ზ/ა მისამართზე მდებარე ბინაში ცხოვრების უფლება. აღნიშნული ოქმის სისწორე დადასტურებულია ი. გ–ას ხელმოწერით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2019 წლის 4 იანვრის სატელეფონო გასაუბრების შესახებ N ........ ოქმს, 2019 წლის 16 იანვრის N ......... და N......... ოქმებს, მოწმეების გ. ჭ–ის, მ. ბ–ის, მ. ბ–ის, ბ. ბ–ის, დ. მ–ის, გ. კ–ის, ლ. ჯ–ის, მ. ხ–ის, მ. ზ–ის ჩვენებებს, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
13. მ. ბ–ის ჩვენებით ირკვევა რომ მან ი. გ–ს აცნობა და გააფრთხილა რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ი. გ–ს უნდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და ფართი გადაეცა მ. ხ–სთვის, რისთვისაც მიეცა ვადა 2019 წლის 20 იანვრამდე, თუმცა ი. გ–მ ამ ვადის შემდეგაც გააგრძელა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება.
14. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ ძირითად არგუმენტზე, რაზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებში ამახვილებს ყურადღებას. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
15. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე