საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.12.2020
საქმის ნომერი
2კ-538აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002845499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №538აპ-20 ქ. თბილისი

ტ–ი ჯ., 538აპ-20 29 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ტ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ტ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ტ–ის გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ტ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:

ჯ. ტ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ჯ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 9 იანვრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისთვის მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ. ტ–მა, 2019 წლის 8 იანვარს, ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ლ. შ–ს მიმართ, კერძოდ, ქ. თ..........ში, ...........ის რაიონში, .............ის ქუჩის #..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთხელ ძლიერად დაარტყა მუჭი მარცხენა ხელის კუნთში, რა დროსაც ლ. შ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ ლ. შ–სა და ჯ. ტ–ის შვილები - 10 წლის მ., 7 წლის ლ. და 4 წლის ლ. ტ–ები.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ჯ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების კვალიფიკაციით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, ECtHR, no. 47666/13, §50-51, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, ECtHR, §§ 72-86, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, 12/06/2008).

9. ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ამგვარი ქმედებებისგან და ასევე იმისგან, რომ ძალადობა არ დარჩეს დაუსჯელი (Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §78, 09/07/2019).

10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ხარისხობრივ და არა რაოდენობრივ მახასიათებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ჯ. ტ–ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.მსჯავრდებულ ჯ. ტ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე