საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100118002654723
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №349აპ-19 ქ. თბილისი
ფ–ი დ., 349აპ-19 7 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.პროკურორი მარინე ლომიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ფ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ფ–ს, - დაბადებულს ... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი - მ. თ–ისა და მ. ფ–ის მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 აგვისტოს დ. ფ–მა ქ. ........ში, ............ის მე-. მ/რნი, კორპუსი N..
-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუღლის მ. თ–ის და შვილის მ. ფ–ის მიმართ გამოხატა აგრესია და მათ დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით დ. ფ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ. თ–ის ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ. ფ–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
დ. ფ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულებმა - მ. თ–მ და მ. ფ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - დ. ფ–ის წინააღმდეგ.
7. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთადერთმა მოწმემ - გ. ა–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არ შესწრებია დ. ფ–ის მხრიდან მ. თ–ისა და მ. ფ–ის მიმართ მუქარის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ასევე ადგილი არ ჰქონია სიტყვიერი შეურაცხყოფას.
8. დაზარალებულების - მ. თ–ისა და მ. ფ–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე განმარტეს მხოლოდ პატრულ-ინსპექტორებმა - ვ. პ–მა, ლ. რ–მა და გამომძიებელმა გ. კ–მ, თუმცა მათ მუქარის სავარაუდო განხორციელების შესახებ გაიგეს შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ დაზარალებულებისაგან და თავად ფაქტს არცერთი არ შესწრებიან. სამივე მათგანმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გარკვევის მიზნით პირველ რიგში გაესაუბრნენ ბრალდებულს, რომელმაც არ დაადასტურა დანის გამოყენებით მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტი; ხოლო მ. ფ–მა განუცხადა, რომ მ. - დ. ფ–ი დაემუქრა და გაშლილი დანით გაიწია მისკენ, ასევე გაშლილი დანით გაეკიდა დედას - მ. თ–ს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც გამომძიებლების განმარტებით თავის მხრივ დაუდასტურა მ. თ–მ.
9. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრალში მოხსენიებული და ასევე დაზარალებულ მ. ფ–ის მიერ გამომძიებლებთან ნახსენები დანა, რომლითაც თითქოსდა დაემუქრა მას და მ. თ–ს ბრალდებული, არ უნახავს არც შემთხვევის ადგილზე მყოფ გ. ა–ს, არც პოლიციის თანამშრომლებს და არც ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას იქნა ნანახი.
10. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმასტანდარტით ვერ ადასტურებს დ. ფ–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
11. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვეობის თაობაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის #548-ე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში მართალია მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე