საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.11.2020
საქმის ნომერი
2კ-573აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #820100119003210956

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №573აპ-20 ქ. თბილისი

დ–ე ე., 573აპ-20 18 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციოსაჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ე. დ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ე. დ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდა ე. დ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, ......ის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში, ე. დ–მ თავის საძინებელ ოთახში, მშობიარობის შემდეგ უმალვე, რაც გამოიხატა კისრის არეზე დაწოლაში, განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ე. დ–თვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის შეფარდებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ე. დ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), მსჯავრდებულმა ე. დ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე