საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.12.2020
საქმის ნომერი
2კ-590აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002799867

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№590აპ-20 ქ. თბილისი

ი–ი ფ., 590აპ-20 10 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ი–ს ადვოკატ გ. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ი–ს ადვოკატმა გ. ქ–მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უკანონო, ხოლო შეფარდებული სასჯელი - უსამართლო; გადაწყვეტილება დაფუძნებულია არასანდო მტკიცებულებებზე, რომლებიც არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა პოლიციელთა ჩვენებები და მათ მიერ შედგენილ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული ინფორმაცია და არასწორად დაადგინა ფაქტები; ფ. ი–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას არ სცმია შავი ქურთუკი და, შესაბამისად, არც ამ ქურთუკიდან ამოღებული ნარკოტიკი ეკუთვნის მას; სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ სახლი, საიდანაც ნარკოტიკების ნაწილი ამოიღეს არ ეკუთვნის ფ. ი–ს, რისი გათვალისწინებითაც, მას უკანონოდ შეერაცხა მსჯავრი; კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ფ. ი–ი არ არის ნასამართლევი და არ არის გამოკვეთილი მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით ფ. ი–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ი–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდ იოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 8 დეკემბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ფ. ი–ს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 25,8990 გრამი მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონა შეადგენს - 4,8082 გრამს. იმავე დღეს ფ. ი–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა: 3 შავ და 10 ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 3,51 გრამი მოყვითალო-მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონა შეადგენს - 0,8454 გრამს; 12 შავ, 13 ვარდისფერ, 3 ყვითელ და 1 ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 10,42 გრამი მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონა შეადგენს -2,1465 გრამს, ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინის“ (მარილი) წონა შეადგენს - 1,0962 გრამს და ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინის“ (მარილი) წონა შეადგენს - 0,2334გრამს. ფ. ი–მა სულ შეიძინა და შეინახა - 7,8001 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, 1,0962 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“ (მარილი) და 0,2334 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინი“ (მარილი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ. ი–მა და მისმა ადვოკატმა მ. ჩ–მ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ამხელენ ფ. ი–ს დანაშაულის ჩადენაში, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ და ამომწურავ ჩვენებებს. ამასთან, რაიმე სახის გარემოება, რაც მოწმეების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნება მათ მონათხრობში, ერთობლივად აღებული ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას; საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ფ. ი–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას არ სცმია შავი ქურთუკი და, შესაბამისად, არც ამ ქურთუკიდან ამოღებული ნარკოტიკი ეკუთვნის მას, ვინაიდან საწინააღმდეგო დასტურდება პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის სისწორე/კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - კ. ბ–მა, ლ. კ–მა და შ. ხ–მა და რომელსაც შენიშვნის გარეშე აწერს ხელს თავად მსჯავრდებული; ასევე არადამაჯერებელია დაცვის მხარის მითითება, რომ, თითქოსდა, სახლი, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, არ ეკუთვნის ფ. ი–ს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ უკლებლივ ყველა საპროცესო დოკუმენტში (დაკავების, პირადი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და გამოკითხვის ოქმებში), რომლებსაც ხელს აწერს მსჯავრდებული, ფ. ი–ს როგორც რეგისტრაციის, ასევე ფაქტობრივ საცხოვრებლად მითითებულია - ...........სი, ............, ბ.......ის ქ. №., რაც ასევე პირადად დაადასტურა მსჯავრდებულმა სასამართლოში ვინაობის დადგენისას; საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დადგენილია ფ. ი–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც უტყუარად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული, ურთიერთშეჯერებეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - კ. ბ–ის, ლ. კ–ისა და შ. ხ–ის ჩვენებებით, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. მსჯავრდებულ ფ. ი–ს სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც მას მსჯავრი დაედო, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ოდენობისა და მათი მრავალფეროვნების მხედველობაში მიღებით, ფ. ი–ს გონივრულად ლმობიერი, სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება არ არის მიზანშეწონილი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. ი–ს ადვოკატ გ. ქ–ს საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი