საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.01.2021
საქმის ნომერი
2კ-46აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240100116001433672

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №46აპ-19 ქ. თბილისი

ჩ–ა შ., 46აპ-19 5 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - პ. ზ–ს, ჯ. ჩ–ს, კ. კ–სა და შ. ჩ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - პ. ზ–ს, ჯ. ჩ–ს, კ. კ–სა და შ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებიდან; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პ. ზ–ს, კ. კ–ს, შ. ჩ–სა და ჯ. ჩ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულების - დ. მ–ის, პ. ც–სა და მ. გ–ს არადამაჯერებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს; ამასთან, დაზარალებულებმა გამოძიებასა და სასამართლოს მისცეს არასწორი ჩვენებები, რაც გამოწვეული იყო სამხედრო პოლიციის მხრიდან ზეწოლით, ხოლო ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ გამოიძია; გარდა ამისა, პროკურატურამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების შესრულებაზე და არ გამოითხოვა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მოკვლევის მასალები, რითაც არსებითად შეილახა დაცვის უფლება; სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სათანადოდ არ შეაფასა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ მსჯავრდებულთა მიერ იძულების ჩადენის ფაქტს; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებზე არ არის ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რის გამოც ისინი არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი გიორგი დოლაკიძე საკასაციო საჩივრების შესაგებლებით ითხოვს მსჯავრდებულების - პ. ზ–ს, ჯ. ჩ–ს, კ. კ–სა და შ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ– ა–ს საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობას.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით პ. ზ–ა, - დაბადებული .... წელს, ჯ. ჩ–ა, - დაბადებულის 1... წელს, კ. კ–ა, - დაბადებული .... წელს, შ. ჩ–პ, - დაბადებული .... წელს და ნ. შ–ა, - დაბადებული .... წელს, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ ჯარიმა - 2000 - 2000 (ორი ათას - ორი ათასი) ლარი.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ ზ. ღ–სა და ი. გ–ს.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ზ–ამ, ნ. შ–მ, ჯ. ჩ–მ, კ. კ–მ და შ. ჩ–მ ჩაიდინეს იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 7 ნოემბერს ........ის .......... რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-.. ქვეითი ბრიგადის ..-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ი. გ–ე „........ის“ სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაეუფლა ........ის მოქალაქე მ. ჯ–ის კუთვნილ, 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ი. გ–ის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ....... სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ი. გ–ის სამსახურებრივი მივლინების შეწყვეტისა და .........ში დაბრუნების შესახებ. .......ში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ი. გ–ე, ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზ. ღ–ი, შ. ჩ–ა, კ. კ–ა, ჯ. ჩ–ა, ნ. შ–ა და პ. ზ–ა შეხვდნენ ი. გ–ის ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით, თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ი. გ–სათვის აენაზღაურებინათ .......ოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მ. გ–მ, პ. ც–მ, დ. მ–მ და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა გადაწყვიტეს, ი. გ–სათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს - 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს ი. გ–სათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პ. ც–მ, ზ. ღ–ის მითითებით გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებულ იქნა ზ. ღ–ისთვის „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეებს თანხა არ გადაუციათ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - პ. ზ–ამ, კ. კ–მ, შ. ჩ–მ, ჯ. ჩ–მ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა–მ, ასევე - მსჯავრდებულმა ნ. შ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულების - პ. ზ–ს, ჯ. ჩ–ს, კ. კ–სა და შ. ჩ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ– ა–ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულთა უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ იზიარებს, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს მსჯავრდებულების - პ. ზ–ს, ჯ. ჩ–ს, კ. კ–სა და შ. ჩ–ას მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვითა და ობიექტურად გამოკვლეული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - მ. გ–ს, დ. მ–ისა და პ. ც–ს ჩვენებებით, მოწმეების - ბ. ნ–ის, მ. ბ–ის, ნ. გ–ისა და სხვათა ჩვენებებით, გ. ღ–ის მიერ წარმოდგენილი უბის წიგნაკის დათვალიერების ოქმით, „........ ბანკის” ..........ის სერვისცენტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის კრებსებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ ძირითად ასპექტებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და იზიარებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - პ. ზ–ს, ჯ. ჩ–ს, კ. კ–სა და შ. ჩ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ– ა–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი