საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.01.2021
საქმის ნომერი
2კ-615აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100120003519729

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№615-20 ქ. თბილისი

ხ–ე ე., №615აპ-20 8 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურორის მოადგილემ - მორის ჩუბინიძემ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენის შეცვლასა და ე. ხ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო; სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად არ შეაფასა მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ ე. ხ–ის ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი - მ. კ–ე აღიქვამდა; პროკურორის მითითებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ბავშვმა თავისი ოჯახის წევრზე ძალადობა სათანადოდ აღიქვა და განიცადა. დაზარალებულ დ. ხ–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ე. ხ–ის მიერ ქალიშვილზე ძალადობისას მისმა 10 თვის შვილმა დაიწყო ისტერიკული ტირილი, რაც მიუთითებს, რომ მცირეწლოვანმა აღიქვა თავისი ოჯახის წევრზე ძალადობა და გამოხატა შესაბამისი რეაქციით - ატირდა; საყურადღებოა, რომ თავად ე. ხ–ც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მცირეწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით ძალადობდა ოჯახის წევრზე.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ხ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.გ–ში, შ–ის გზატკეცილის №....-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ე. ხ–მ თავის შვილს - დ. ხ–ს, მისი არასრულწლოვანი შვილის მ. კ–ის თანდასწრებით, ყელში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ე. ხ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით ე. ხ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ხ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ე. ხ–ის ქმედებაში გამოკვეთილი იყო მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურორის მოადგილემ მორის ჩუბინიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ე. ხ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ე. ხ–ის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება; სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია, 10 თვის მცირეწლოვნის ფსიქიკას რეალურად აღექვა ოჯახის წევრზე ძალადობა, რომლის საპირისპიროს უტყუარად მტკიცებისათვის ვერ გამოდგება მხოლოდ ბავშვის ტირილის ფაქტი, რომელიც შესაძლოა, სხვა მიზეზებითაც ყოფილიყო გამოწვეული, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, ნამდვილად შეეძლო თუ არა მცირეწლოვანს რეალურად აღექვა ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ხ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი განაჩენის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი