დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-722-677-10 23 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ა”-ს დირექტორი ა. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ბ”
დავის საგანი – მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს “ა”-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბ”-ს მიმართ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, სს „ბ“-ს 2004 წლის 27 დეკემბრის კრების ოქმით საწესდებო კაპიტალში უნდა შესულიყო მიწის ნაკვეთები, რომელზედაც დამაგრებული იყო სს „ბ“-ს ქონება, მაგრამ საწესდებო კაპიტალში შესატანი მიწის ნაკვეთის ნახაზის გაკეთების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა და კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ სს „ბ“-ს საკუთრებად აღირიცხა შპს „ა“-ს და სხვა მეწარმე სუბიექტებისა და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რის გამოც, მოსარჩელემ მოითხოვა სს „ბ“-ს საკუთრების უფლების გაუქმება ქ.ქუთაისში, ... ქ.¹1-ში მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია შპს „ა“-ს შენობა-ნაგებობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა“-ს დირექტორ ა. ლ-ძის სარჩელი სს “ბ“-ს წინააღმდეგ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა“-ს დირექტორმა ა. ლ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს „ა“-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა შუამდგომლობა შეიტანა სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლოში განიხილება ადმინისტრაციული საქმე შპს „ა“-ს დირექტორის სარჩელის გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და სს „ბ“-ს წინააღმდეგ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ მიმდინარე საქმის განხილვა შეუძლებელია, სანამ არ გადაწყდება მხარეთა შორის მიმდინარე ადმინისტრაციული დავა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით შეჩერდა შპს “ა”-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს წარმოებაში არსებული ორივე საქმე ერთი და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა, ადმინისტრაციულ დავაში სასარჩელო განხილვის საგანია შპს „ა“-ს მოთხოვნა საკუთრების აღიარების თაობაზე და სს „ბ“-ს რეგისტრაციის კანონშესაბამისობის საკითხი სადავო მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოცემულ დავაში, მოსარჩელე შპს „ა“ დავობს იმაზე, რომ მოპასუხეს უკანონოდ აქვს მოპოვებული საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რაც არღვევს მისი, როგორც მართლზომიერი მფლობელის კანონით დაცულ ინტერესებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე პალატა თვლის, რომ შპს „ა“-ს ადმინისტრაციულ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და სს „ბ“-ს წინააღმდეგ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების თაობაზე, არსებითი მნიშვნელობა ექნება განსახილველი სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის, მეტიც, აღნიშნულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ექნება სამოქალაქო დავაზე, მხარის საკუთრების უფლებისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევისათვის.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ა”-ს დირექტორმა ა. ლ-ძემ. მან მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით შეჩერდა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე შპს „ა“-ს დირექტორის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ სარჩელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და სს „ბ“-ს წინააღმდეგ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ორ გარემოებაზე, კერძოდ, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა ექნება განსახილველი სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის და აღნიშნულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ექნება სამოქალაქო დავაზე მხარის საკუთრების უფლებისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევისათვის.
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა ექნება განსახილველი სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის, არ არის დასაბუთებული. განჩინება არ შეიცავს მითითებას, რით აიხსნება არსებითი მნიშვნელობა, ხოლო პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე რომელი ფაქტობრივი გარემოება დაედება საფუძვლად გადაწყვეტილებას, სასამართლოს არ მიუთითებია.
სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.
სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს წინამდებარე საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან სასამართლო ვალდებულია დავა განიხილოს პრეიდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტების გარეშეც.
ადმინისტრაციული საქმით დავის საგანს წარმოადგენს შპს „ა“ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სასამართლოს მსჯელობაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მთლიანად აგებულია შპს „ა“-ს მოთხოვნის კანონიერებაზე ამ კუთხით (რეგისტრაციის კუთხით) და არა სს „ბ“-ს საკუთრების უფლებაზე. ამდენად, სასამართლოს არ უნდა შეეჩერიბინა მოცემული საქმის განხილვა, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
დადგენილია, რომ შპს “ა”-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბ”-ს მიმართ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა“-ს დირექტორ ა. ლ-ძის სარჩელი სს “ბ“-ს წინააღმდეგ, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა“-ს დირექტორმა ა. ლ-ძემ.
შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა შუამდგომლობა შეიტანა სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
დადგენილია, რომ სასამართლოში განიხილება ადმინისტრაციული საქმე შპს „ა“-ს დირექტორის სარჩელის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და სს „ბ“-ს წინააღმდეგ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს “შეუძლებლობის” ცნებას ანუ რა შემთხვევა შეიძლება ქმნიდეს ისეთ ობიექტურ სირთულეს, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. “შეუძლებლობა” წარმოადგენს ისეთ ობიექტურ სირთულეს ან დაბრკოლებას, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ისეთი გარემოებებს, რომლის დადგომა არის განპირობებული მართლმსაჯულების განხორციელების დამაბრკოლებელი ფაქტორებით. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ ობიექტურ სირთულედ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულია ადმინისტარციული წესით საქმის განხილვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინებაში მოყვანილი გარემოება წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს მოცემული საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად, რამდენადაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ასეთ სირთულედ მოიაზრებს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და ამდენად, პროცესუალურად შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტური გარემოებების საფუძველზე სხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მას შემდეგში შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საფუძვლიანია. ამ შემთხვევაში არსებობს განსახილველი ნორმით გაათვალისწინებული საქმის განხილვის შეუძლებლობის მიზეზები.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად შეაჩერა საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ა”-ს დირექტორ ა. ლ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.