საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.01.2021
საქმის ნომერი
2კ-629აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003413342

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №629აპ-20 ქ. თბილისი

ქ–ი ტ., 629აპ-20 18 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენზე პროკურორ ცოტნე ცერცვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ცოტნე ცერცვაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ტ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 1261-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. ქ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ........ში, ......ის მე-. მ/რ ნი, ......ის მე-. შესახვევი #..-ში, ტ. ქ–მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ბ–ს, კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, მოუჭირა ხელები ყელში და თავის არეში ძლიერად, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

2019 წლის 15 ნოემბერს, .....ში, ......ის მე-. მ/რ-ნი, ........ის მე-. შესახვევი #..-ში, ტ. ქ–მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ბ–ს, კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

ტ. ქ–ი, წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, 2019 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, ......ში, ......ის მე-. მ/რ-ნი, .........ის მე-. შესახვევი #..-ში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. ბ–ს, ლანძღავდა, აგინებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.

ტ. ქ–ი წლების განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით მეუღლეს - მ. ბ–ს. ასევე, 2019 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ........ში, .....ის მე-. მ/რ-ნი, .......ის მე-. შესახვევი #..-ში, ტ. ქ–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - მ. ბ–ს, კერძოდ, დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა, გაგუდავდა, დაახრჩობდა ტბაში, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ტ. ქ–ი, წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვან შვილს ლანძღავდა, აგინებდა, ემუქრებოდა, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი. გარდა ამისა, ტ. ქ–ი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, 2019 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, .......ში, .....ის მე-. მ/რ-ნი, ..........ის მე-. შესახვევი #..-ში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. ბ–ს, ლანძღავდა, აგინებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ქ. ქ–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით ტ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ტ. ქ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

ტ. ქ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ტ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:

7. დაზარალებულებმა - მ. ბ–მა და არასრულწლოვანმა ქ. ქ–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (მეუღლის და მამის) - ტ. ქ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

8. მოწმეები - ლ. რ–ი და მ. მ–ი არიან დეტექტივ-გამომძიებლები, რომლებიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არიან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩამტარებელი პირები და არ შესწრებიან დანაშაულის ფაქტებს. აღნიშნული მოწმეებისგან მიღებული ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობისა და მუქარის ფაქტებს, არამედ აღნიშნული იციან მხოლოდ დაზარალებულების გადმოცემით.

9. რაც შეეხება კასატორის აპელირებას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნის თანახმად: ,,წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პეციენტის სამედიცინო ბარათი #..... (თარიღით 21.12.19 - დაუმოწმებელი ასლი)) მონაცემების თანახმად: მოქალაქე მ. ბ–ს სამედიცინო დახმარება გაეწია 21.12.19 წ. და დაუდგინდა დიაგნოზი: ესენციური ჰიპერტენზია. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი, როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. ჰიპერლიკემია, დაუზუსტებელი; ამავე დოკუმენტში არსებული ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე მ. ბ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით რომელთა ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული მათი (სისხლნაჟღენთების) მორფოლოგიური სურათი; მოქალაქე ქ. ქ–ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და განვითარებული არიან რაიმე მკვირი-ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ქ. ქ–ის სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტი, თუმცა აღნიშნული დასკვნით ერთი მხრივ ვერ დგინდება დაზიანების მიყენების სავარაუდო დრო და იმავდროულად, ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა. სესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ტ. ქ–ს მხრიდან დასკვნაში მითითებული დაზიანების მიყენების მტკიცებულებად.

10. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N548-ე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37). ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იქვე, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ტ. ქ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ტ. ქ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 1261-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ცოტნე ცერცვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე