დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.12.2010
საქმის ნომერი
ას-976-918-2010
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.12.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-976-918-2010 29 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ხ. მ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. მ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-შვილის მიმართ ვალდებულების შესრულების _ 5 988 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 9 მაისს მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 40000 აშშ დოლარი უპროცენტოდ 2 თვის ვადით. მხარეთა შორის არსებობდა მეგობრული დამოკიდებულება და ისინი ენდობოდნენ ერთმანეთს. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ წერილობით აღიარა ვალის არსებობა, თუმცა არც ხელწერილით დათქმულ ვადაში თანხა არ დაუბრუნებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2008 წლის 2 აგვისტოს ხელწერილი ხ. მ-იასთვის თანხის გადაცემის ვალდებულების შესახებ გ. დ-შვილის მიერ დაწერილია იძულების გზით. ამასთან, ხელწერილში მითითებული თანხის გადაცემის ვალდებულება გამომდინარეობს მხარეთა შორის 2009 წლის 17 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ.მ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა და გ.დ-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა 5988 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განჩინებით გ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 240 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ფ. მ-ძის მიერ აპელანტის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი, კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობისა და ფ. მ-ძის საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

2010 წლის 7 ივნისის გ. დ-შვილის წარმომადგენელ ფ. მ-ძის განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტს ზემოხსენებული საპროცესო ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

საქმეში წარმოდგენილი ¹7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ხელწერილით სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმარ გ. დ-შვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 2010 წლის 29 ივნისს ჩაბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 30 ივნისიდან და ამოიწურა 2010 წლის 10 ივლისს, ანუ ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

პალატამ მიიჩნია, რომ გ. დ-შვილმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე გ.დ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენისას გ.დ-შვილი იმყოფებოდა მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში და არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი.

აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული განჩინება გ. დ-შვილის წარმომადგენელ ფ. მ-ძეს არ ჩაბარებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტ გ. დ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 29 ივნისს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 30 ივნისიდან და ამოიწურა 2010 წლის 10 ივლისს, ანუ ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 10 ივლისის ჩათვლით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ ხარვეზი არ გამოასწორა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას არ შეეძლო განჩინების ჩაბარების შესახებ ეცნობებინა ადვოკატისათვის, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირის ყოფნა არ გამორიცხავს მის შესაძლებლობას, ურთიერთობა ჰქონდეს ადვოკატთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. დ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.