საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
2კ-699აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №699აპ-19 თბილისი

კ. ვ., 699აპ-19 27 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით ვ. კ., - დაბადებული წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 2500 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, ვ. კ.-ს მსჯავრი დაედო საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვაში მოჩვენებითი გარიგებით, უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ü შპს „ო.“ (ს/ნ ) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2010 წლის 29 ნოემბერს. 2014 წლის 7 ივლისიდან საწარმოს დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ვ. კ.. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა თ.-ში, გ.-ის მე- მკ/რ-ის მე- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობა.

ü 2015 წლის მაისში შპს „ო.-სა“ და თურქულ კომპანია „ქ.-ს“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ამ უკანასკნელმა 2015 წლის ივნისში შპს „ო.-ს“ მიაწოდა 47058 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანის აკუმულატორები. მხარეთა შეთანხმებით, საქონლის საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 47000 აშშ დოლარი, ხოლო გადახდის ვადად - ერთი თვე.

ü შპს „ო.-მა“ ზემოხსენებული საქონლის ღირებულების ნაწილი - 30000 აშშ დოლარი ორ ეტაპად - 2015 წლის 28 მაისსა და 22 ივნისს გადაურიცხა შპს „ქ.-ს“, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 17000 აშშ დოლარი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ გადაუხდია.

ü ვ. კ.-მ 2016 წლის ივლისში შეიტყო, რომ შპს „ქ.-ის“ წარმომადგენლები, აღნიშნული თანხის შპს „ო.-ის“ დაკისრების მოთხოვნის მიზნით, აპირებდნენ სასამართლოში სარჩელის შეტანას, რის შემდგომაც შპს „ო.-ს“ დაეკისრებოდა შპს „ქ.-ს“ სასარგებლოდ უკვე არსებული დავალიანების - 17 000 აშშ დოლარის გადახდა.

ü შპს „ო.-ის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ვ. კ.-მ განიზრახა, უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, ქონების გადამალვა, რათა დაკისრებული თანხა მისგან იძულების წესით არ ამოეღოთ.

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით შპს „ქ.-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს „ო.-ის“ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს. იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, შპს „ო.-ს“ მიერ საქმიანობის განუხორციელებლობის გამო, განჩინება ვერ აღსრულდა.

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ქ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ო.-ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა: 17000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე - სახელმწიფო ბაჟის - 1344 ლარის; თარჯიმნისა და სანოტარო მომსახურების -125 ლარისა და იურიდიული მომსახურების - 1600 ლარის ანაზღაურება.

ü 2016 წლის 16 აგვისტოს შპს „ო.-ის“ ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა ვ. კ.-მ, უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა შპს „ა.“ (ს/ნ ) და გახდა ამავე საწარმოს დირექტორი. 2016 წლის 24 აგვისტოს, 20 სექტემბერსა და 18 ოქტომბერს ვ. კ.მ შპს „ო.-ის“ საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული, 3565 ლარად ღირებული საქონლის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა შპს „ა.-ის“ ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც შპს „ქ.-ს“ მოუსპო კანონისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა მსჯავრდებულ ვ. კ.-ს საუარესოდ და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით პროკურორ ირაკლი მირცხულავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულ ვ. კ.-ს საუარესოდ და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებული ვ. კ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ვ. კ.-ს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლიანი სანქცია, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე (მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის პრაქტიკაზე), თუ რატომ არ დაუმძიმა სასჯელი ვ. კ.-ს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი