საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №783აპ-19 თბილისი
კ-ე დ-თ, 783აპ-19 2 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მიქელაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. კ-ეს ბრალი დაედო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე დ. კ-ე დაინიშნა --- სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების განუხრელად დაცვა. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. კ-ემ განიზრახა სხვისთვის გამორჩენის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით -- გუბერნიას ინფრასტრუქტურის პროგრამების განხორციელების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სპეცტექნიკა - გრეიდერი HB BG 160 T-4, სახელმწიფო ნომრით - -- და ბულდოზერი „კამაცუ“ 65 EX, სახელმწიფო ნომრით --. დ. კ-ემ ფირმებს - შპს „ა--სა“ და შპს „ტ--ს“, რომლებსაც მართავდნენ მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირები, გამორჩენის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ გადასცა ზემოხსენებული სპეცტექნიკა, რის შედეგადაც 2011-2012 წლებში შპს „ა--სა“ და შპს „ტ--ში“ გრეიდერმა HB BG 160 T-4 უსასყიდლოდ იმუშავა 148 დღე, ხოლო ბულდოზერმა „კამაცუ“ 65 EX-მა - 229 დღე. აღნიშნული სპეცტექნიკის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იჯარით გაცემის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლის სახით მიიღებდა 248400 ლარს. ამდენად, დ. კ-ის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განაჩენით დ. კ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. ამავე განაჩენით გაუქმდა დ. კ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინებით ბრალდებულ დ. კ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად, ა. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი მიქელაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
5. აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატმა გ. კ-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით პროკურორ გიორგი მიქელაძისა და მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატის - გ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი მიქელაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. კ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. რაც შეეხება კასატორის მიერ დ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებას, საქმეზე №1818აპ-07, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენის მითითება მოცემულ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია, ვინაიდან წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ. კ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მიქელაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი