დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№35I-20 ქ. თბილისი
ი-უ ი-რ, 35I-20 6 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი-უს (Y. Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2015 წლის 17 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული №2014/138862 საქმის შესწავლის ოქმის შესაბამისად, ი. ი-უ ეჭვმიტანილია განზრახ მკვლელობის ჩადენაში, დანაშაული, განსაზღვრული თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2. 2015 წლის 15 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო №6 სამშვიდობო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ი. ი-უს დაკავების ბრძანება.
3. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. ი-უს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 23 ოქტომბერს, 16:00–17:00 საათისათვის, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ს-ში მდებარე ერთ-ერთ სასადილოსთან ი. ი-უ შეხვდა ფ. ო-ს, რა დროსაც მათ შორის ვალის გამო მოხდა ურთიერთშელაპარაკება. სწორედ ამ დაპირისპირების ნიადაგზე ი. ი-უმ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა ფ. ო-ი. მიუხედავად დროულად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, იგი მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. ი. ი-უს დანაშაულის კვალის განადგურებასა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვაში დაეხმარა სამი ფილი.
4. აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81/1-ე მუხლით (ადამიანის განზრახ მკვლელობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
5. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
6. 2015 წლის 6 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ი-უ.
7. 2015 წლის 9 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განჩინებით ი. ი-უს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
8. 2015 წლის 11 მარტს ინტერპოლის არხებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ი-უს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და საექსტრადიციო მასალების ასლები, ასევე – აღნიშნული დოკუმენტების დედნები.
9. 2015 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ი. ი-უს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით.
10. 2015 წლის 21 აპრილს, 2 ივნისს, 26 ივნისსა და 4 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. ი-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
11. 2015 წლის 1 მაისს, 15 ივლისს, 12 აგვისტოსა და 9 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია ი. ი-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
12. 2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ი-უსათვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით – 2015 წლის 6 ნოემბრამდე.
13. 2015 წლის 16 ოქტომბერს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც ი. ი-უს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – გირაოთი.
14. ამჟამად ი. ი-უს პატიმრობა შეცვლილი აქვს გირაოთი, რომლის თანხაც განსაზღვრულია 8 000 (რვა ათასი) ლარით; ამასთან, გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე მას აკრძალული აქვს საქართველოს ტერიტორიის დატოვება, ასევე მის მიმართ გამოყენებულია საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაციის გენერალურ პროკურატურაში ჩაბარებისა და კვირაში ერთხელ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონულ პროკურატურაში გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება.
15. 2020 წლის 16 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ი. ი-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებულ ექსტრადიციის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანის განზრახ მკვლელობა).
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო ი. ი-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებულ ექსტრადიციის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანის განზრახ მკვლელობა).
17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი-უს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმებასა და თურქეთის რესპუბლიკაში ი. ი-უს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე.
18. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ი. ი-უ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2015 წლის 6 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ი. ი-უს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ი-უ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. ი. ი-უს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
7. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. ი-უს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება ან ადგილი ექნება ცალკეული უფლებების დარღვევას, მეტიც, არ არსებობს რაიმე ნიშნით მისი დევნის საფრთხე (აღნიშნული დადასტურდა საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციითაც), რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.
8. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ი. ი-უ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
10. ი. ი-უს კომპეტენტური ორგანოს მიერ უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ი-უს საჩივარი. გადაწყვეტილება ი. ი-უს არ გაუსაჩივრებია და დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ი. ი-უს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ი. ი-უს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
12. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა ჩადენისთვისაც ი. ი-უ მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. იმის მხედველობაში მიღებით, რომ ი. ი-უსთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენილია 2014 წელს, აღნიშნული ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული.
13. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ი. ი-უმ 2015 წლის 1 მაისს გასაუბრებისას განმარტა, საქართველოში იმყოფება 2014 წლის დეკემბრიდან; თურქეთში ცხოვრობენ მისი დედ-მამა, ძმა და სამი და. მანვე 2020 წლის 28 თებერვალს გასაუბრებისას აღნიშნა, რომ საქართველოში ცხოვრობს ბოლო 5 წლის განმავლობაში; აქვე ცხოვრობს მისი პარტნიორი ქალი მ. გ-ე, რომელთანაც 4 წელია, აქვს ცოლქმრული ურთიერთობა; თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი დედა, მამა და ოთხი ძმა; მშობლები უნარშეზღუდულები არიან და ის მათ მატერიალურად ეხმარება; დედა არაერთხელ ჩამოვიდა მასთან სტუმრად. ი. ი-უს განმარტებით, მას არ სურს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეშია, ასევე ემუქრებიან მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც მარტო არ გადაადგილდებიან.
14. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. ასეთ ვითარებაში ი. ი-უს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21
ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ი-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებულ ექსტრადიციის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანის განზრახ მკვლელობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი-უს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი