საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№383აპ-20 ქ. თბილისი
დ-ე მ-დ, 383აპ-20 17 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. დ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2232-ე მუხლითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – „ქურდული სამყაროს“ წევრობაში; „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობაში; მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· მ. დ-ე აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებსა და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე – აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში.
· 2018 წლის მაისში მ. დ-ეს საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდებმა ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭეს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წ-ის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებისათვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. აღნიშნული დავალების შესაბამისად, 2018 წლის მაისის ბოლოს მ. დ-ე დაუკავშირდა ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებს – თ. ვ-სა და ლ. გ-ს, ასევე – ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს, რომელთაც შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წ-ის რაიონში და შეუთანხმდა მათ, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების შესაბამისად, ორგანიზება გაეწიათ ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებისათვის. კერძოდ, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ. დ-ემ და თ. ვ-მა გამართეს ე.წ. „ქურდული შეკრება“, სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა წ-ის რაიონის მცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს, ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდათ, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მ. დ-ემ და თ. ვ-მა შეატყობინეს „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში.
· მ. დ-ის, თ. ვ-ისა და ლ. გ-ის ხელმძღვანელობით წ-ის რაიონის მცხოვრებლებისაგან „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2018 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში შეგროვდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 16 აგვისტოს გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.
· მ. დ-ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 5,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში და რომელიც 2018 წლის 26 სექტემბერს წ-ში, რ-ის ქ. №0-ში მდებარე მ. დ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ვ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2232-ე მუხლით – „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობაში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· თ. ვ-ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, სისტემატური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებსა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე – აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში.
· 2018 წლის მაისში მ. დ-ეს საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდებმა ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭეს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წ-ის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებისათვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. აღნიშნული დავალების შესაბამისად, 2018 წლის მაისის ბოლოს მ. დ-ე დაუკავშირდა ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებს – თ. ვ-სა და ლ. გ-ს, ასევე – ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს, რომელთაც შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წ-ის რაიონში და შეუთანხმდა მათ, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების შესაბამისად, ორგანიზება გაეწიათ ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებისათვის. კერძოდ, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ. დ-ემ და თ. ვ-მა გამართეს ე.წ. „ქურდული შეკრება“, სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა წ-ის რაიონის მცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს, ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდათ, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მ. დ-ემ და თ. ვ-მა შეატყობინეს „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში. ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიზნით, თ. ვ-ი დაუკავშირდა წ-ის რაიონში მცხოვრებ „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს – ბ. რ-ეს, ზ. კ-ს, გ. ო-სა და სხვებს, რომელთა მეშვეობით იგი, მ. დ-ესა და ლ. გ-თან ერთად, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. თ. ვ-ი პერიოდულად უკავშირდებოდა მ. დ-ესა და ლ. გ-ს, ისინი უცვლიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიმდინარეობის შესახებ და განიხილავდნენ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისათვის გამოყენების საკითხს. მ. დ-ის, თ. ვ-ისა და ლ. გ-ის ხელმძღვანელობით, წ-ის რაიონის მცხოვრებლებისაგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2018 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში შეგროვდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აგვისტოს გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. გ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ლ. გ-ი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვს ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებთან – მ. დ-ესთან, თ. ვ-სა და სხვებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე – აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში.
· ლ. გ-ი ქურდული სამყაროს წევრებთან – მ. დ-ესა და თ. ვ-თან ერთად, ასევე – ქურდული სამყაროს მხარდამჭერების – ბ. რ-ის, ზ. კ-ის, გ. ო-სა და სხვების დახმარებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით 2018 წლის მაის-აგვისტოს თვეებში ქურდული სამყაროს მიზნებისათვის ორგანიზებას უწევდა წ-ის მუნიციპალიტეტსა და სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. იგი სისტემატურად უკავშირდებოდა მ. დ-ესა და თ. ვ-ს, ინტერესდებოდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებით და მათთან ერთად განიხილავდა კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისათვის გამოყენების საკითხს. მ. დ-ის, თ. ვ-ისა და ლ. გ-ის ხელმძღვანელობით, წ-ის რაიონის ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2018 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში შეგროვდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აგვისტოს გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.
4. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ზ. კ-ს, – დაბადებულს 19-- წელს; ბ. რ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს და გ. ო-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ზ. კ-ის, ბ. რ-ისა და გ. ო-სათვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ. ვ-ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ისინი დასთანხმდნენ თ. ვ-ის შემოთავაზებას, რომ მონაწილეობა მიეღოთ ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანათ საკუთარი თანხები. ვინაიდან ზ. კ-ი, ბ. რ-ე და გ. ო- გამოხატავდნენ პატივისცემას თ. ვ-ის, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ასევე, მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თვითონაც უშუალოდ შეიტანეს საკუთარი თანხები ე.წ. „ქურდულ საერთოში“.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით მ. დ-ე და თ. ვ-ი – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2232-ე მუხლით, ლ. გ-ი – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გ. ო-, ზ. კ-ი და ბ. რ-ე – საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ. მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით; მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. გამართლებულებს განემარტათ, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება. მ. დ-ე, თ. ვ-ი, ლ. გ-ი, ზ. კ-ი, ბ. რ-ე და გ. ო- დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ირინე ჩოჩიამ და ითხოვა მ. დ-ის, თ. ვ-ის, ლ. გ-ის, ზ. კ-ის, ბ. რ-ისა და გ. ო-ს დამნაშავეებად ცნობა ბრალდებით წარდგენილი კვალიფიკაციით და მათთვის კანონიერი სასჯელების განსაზღვრა.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. პალატა აღნიშნავს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერად მის აღიარებას და აუცილებელია „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობების არსებობა (საქმე №324აპ-15), რაზეც დეტალურად მიუთითებს სააპელაციო პალატაც თავის განაჩენში და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. დ-ისა და თ. ვ-ის მიერ –საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2232-ე მუხლით, ლ. გ-ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გ. ო-ს, ზ. კ-ისა და ბ. რ-ის მიერ კი – საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა
ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულთა სასარგებლოდ და არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ირინე ჩოჩიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
გ. შავლიაშვილი