საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№441აპ-20 ქ. თბილისი
კ-ე ა-ე, 441აპ-20 15 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა. კ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 5 თებერვლიდან.
2. ა. კ-ეს მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
· სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ა. კ-ე 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:40 საათზე, თ-ი, ი. ჭ-ის გამზ. №--ში მდებარე სუპერმარკეტ „თ-ში“, დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ქ. და თ. თ-ებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 30 ლარად ღირებულ „მარენგოს“ ფირმის ერთ ბოთლ შამპანურს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები – მსჯავრდებული ა. კ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ა-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და ა. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაზარალებულთა ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან ქ. და თ. თ-ების ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ამასთან, შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 25 აპრილის №-- დასკვნას (რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ. ჩ-ემ), რის გამოც პალატას მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.
9. დაცვის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ამომწურავად მსჯელობს განაჩენში, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და აღნიშნავს, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. კ-ესთან მიმართებით არცერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დასწრების გარეშე, ხოლო შეზღუდული შერაცხადობა სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს.
10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე