დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 07.07.2011
საქმის ნომერი
ას-772-826-2011
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-772-826-2011 7 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. უ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განქორწინება, საერთო ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. უ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ურის მიმართ განქორწინებისა და საერთო ქონების გაყოფის შესახებ.

მოპასუხემ განქორწინების ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 1991 წლის 30 აპრილს ახმეტის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება მ. უ-შვილსა და გ. ს-ურს შორის (სააქტო ჩანაწერი ¹...), გ. ს-ურს დაეკისრა 6197,50 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის _ 525 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მოპასუხე გ. ს-ურს თავად მის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი გ. ს-ურს 2011 წლის 10 მარტს ჩაბარდა. შეტყობინების დასტურზე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირი და გზავნილის ჩაბარების თარიღი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა, მე-14 დღე იყო 2011 წლის 24 მარტი. დადგენილია, რომ გ. ს-ურმა თელავის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა აღნიშნულისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, 2011 წლის 25 მარტს, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაზე გ. ს-ურმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2011 წლის 24 მარტიდან, ვინაიდან ამ დღეს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა გ. ს-ურის მეზობელს, რომელმაც ადრესატს იგი მხოლოდ მეორე დღეს გადასცა. შესაბამისად, საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერაც კერძო საჩივრის ავტორს არ ეკუთვნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ასლი აპელანტ გ. ს-ურს გაეგზავნა მის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართზე და, საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს “ს-ს” გზავნილების ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათის თანახმად, ჩაბარდა 2011 წლის 10 მარტს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა აითვლება 2011 წლის 11 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით.

საქმის მასალებითა და მხარის განმარტებით დასტურდება, რომ გ. ს-ურმა სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 25 მარტს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 11 მარტს და სააპელაციო პალატას სადავო 14-დღიანი ვადა ამ მომენტიდან უნდა აეთვალა, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა განსახილველ შემთხვევაში დაცული არ არის, რაც მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ს-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.