საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100120003802784
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№86აპ-21 ქ. თბილისი
დ. ი., 86აპ-21 30 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა; სასამართლომ, ერთი მხრივ, არ გაითვალისწინა დაზარალებულ თ. კ-ს პირდაპირი ჩვენება, რომელშიც, მართალია, გამოკვეთილი იყო უზუსტობები, თუმცა მან ცალსახად დაადასტურა მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, უპირობიდ გაიზიარა არასრულწლოვან ნ. დ-ს ჩვენება, რომელიც იყო აშკარად არაგულწრფელი; ამასთან, საქმეში მოიპოვება სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დგინდებოდა ი. დ-სა და თ. კ-ს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. დ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის .. ივლისს, დაახლოებით 9:00 საათზე, .... არსებულ საცხოვრებელ ბინაში, ი. დ-მა მეუღლეს - თ. კ-ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ნ. დ-ს თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ი. დ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ი. დ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. დ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი. დ-ს ბრალეულობა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება; საყურადღებოა, რომ ი. დ-ს ბრალდების მხარე ედავებოდა არასრულწლოვან ნ. დ-ს თანდასწრებით მეუღლეზე - თ. კ-ზე ძალადობას და ამდენად, საქმეზე ობიექტური რეალობის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბრალად წარდგენილი ქმედების თვითმხილველების - თ. კ-ს, ნ. დ-სა და ი. დ-ს ჩვენებებს; საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, ერთი მხრივ, დაზარალებულ თ. კ-ს ჩვენება ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან ეწინააღმდეგება ნ. დ-სა და ი. დ-ს ჩვენებებს სწორედ მტკიცების საგანთან მიმართებით, ხოლო, მეორე მხრივ, ნ. დ-სა და ი. დ-ს ჩვენებები თანხვდენილი და დამაჯერებელია; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი. დ-ს ბრალეულობას.
10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი