საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100120003494845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№84აპ-21 ქ. თბილისი
კ. ა., 84აპ-21 29 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილისა და მსჯავრდებულ ა. კ-ს ადვოკატების - დ. მ-სა და ნ. ღ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ა. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებას სამი ახალგაზრდის გარდაცვალება მოჰყვა; იგი არ მიისწრაფვის, შეურიგდეს დაზარალებულებს, რომლებიც ითხოვენ მის მკაცრად დასჯას, რადგან მისი სინანული არ არის გულწრფელი და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ა. კ-ს ადვოკატებმა - დ. მ-მ და ნ. ღ-მ, რომლებიც ითხოვენ შეფარდებული სასჯელის მთლიანად ან მისი ნაწილის პირბითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ა. კ-ს ქმედებაში გამოკვეთილი არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით ხასიათდება დადებითად) მიუხედავად, სასჯელის სიმკაცრე განაპირობა სწორედ დაზარალებულების შეურიგებელმა პოზიციამ.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 მაისის განაჩენით ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 17 იანვრიდან. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის .. ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ... ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ,,....“ დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. კ. მ. ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით ...), რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, საავტომობილო გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 90 კმ/სთ სიჩქარით, იგი ავტომობილს მართავდა დაახლოებით 170 კმ/სთ სიჩქარით, რამაც არ მისცა საშუალება, უზრუნველეყო უსაფრთხო მოძრაობა, გადაასწრო მის წინ მიმავალ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით ), რომელსაც მართავდა გ. ლ., დაახლოებით 100-120 მეტრის გავლის შემდეგ საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა, გადავიდა საპირისპირო სავალი ნაწილის გვერდულზე და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ა. კ-ს ავტომანქანაში მყოფი სამივე მგზავრი - შ. ხ., ნ. ა. და დ. ა..
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვდა ა. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას და მსჯავრდებულმა ა. კ-მ, რომელიც ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (მის ქმედებას სამი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. კ-ს ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის მთლიანად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა იქნება არაგონივრული ლმობიერება და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილისა და მსჯავრდებულ ა. კ-ს ადვოკატების - დ. მ-სა და ნ. ღ-ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი