საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003180437
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №39აპ-21 ქ. თბილისი
ღ–ე ვ., 39აპ-21 25 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ღ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ღ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეფასდა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის იმის მტკიცებისთვის, რომ ვ. ღ–მ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა; ვ. ღ–ს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, რადგან ამ განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას ობიექტურად და რეალურად შეეძლო, არაერთხელ დაერტყა დანა დაზარალებულისათვის, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება მხოლოდ ერთი ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, მაგრამ დაცვის მხარე არ ეთანხმება დასკვნას, ვინაიდან ექსპერტიზა სრულყოფილად არ ჩატარებულა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ღ–ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ . ბ............ში, ............ისა და ..........ის ქუჩების კვეთაზე, ტელემაუწყებლობა ,,........-ის“ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. ღ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მკვლელობის მიზნით, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით, ა. ა–ს მიაყენა მუცლის ღრუში და გულმკერდის არეში შემავალი სიცოცხლისათვის საშიში ნაკვეთი ჭრილობა კუჭის, წვრილი ნაწლავისა და ბადექონის დაზიანებით, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. .........ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, ა. ა–ე გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც ვ. ღ–მ განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ვ. ღ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ. ღ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ. ღ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 ივლისიდან.
გაუქმდა ვ. ღ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
- აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ვ. ღ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ ვ. ღ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. ღ–ს გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ღ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, აპელანტის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო; აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ვ. ღ–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლზე.
ვ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
მსჯავრდებულ ვ. ღ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 ივლისიდან.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ვ. ღ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა ვ. ღ–ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის შემადგენლობის არსებობა, კერძოდ: სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულსა და დაზარალებულ ა. ა–ს შორის წარმოშობილ კონფლიქტზე, რა დროსაც ვ. ღ–ეზე განაწყენებულმა დაზარალებულმა მის მიმართ გამოხატა აგრესია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ვ. ღ–ე შურისძიების გრძნობით განეწყო და დაზარალებულს დანის გამოყენებით მიაყენა გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათზე, ხარისხზე, ჭრილობის ზომებზე, ლოკალიზაციასა და მიმართულებაზე, სახელდობრ, როგორც დაზარალებულ ა. ა–ს სამედიცინო დოკუმენტაციისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, დაზარალებულს მუცლის არეში მიყენებული ჭრილობიდან გადმოვარდნილი ჰქონდა მუცლის ღრუს შინაგანი ორგანოები - წვრილი და მსხვილი ნაწლავები, ბადექონი და კუჭი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ ა. ა–სათვის მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა იწყებოდა მუცლის წინა კედელზე, მეზოგასტრიუმში მარჯვენა მედიოკლავიკულარული ხაზიდან, გადაკვეთდა მუცელს გარდიგარდმო, მიემართებოდა ზემოთ და მარცხნივ ირიბად და გადადიოდა გულმკერდზე მარცხნივ, იღლიის ფოსოს მიმართულებით, იღლიის ფოსომდე. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის ზომა განისაზღვრებოდა დაახლოებით 10 სმ-ით, ნანახი იქნა კუჭის წინა კედელზე, დიდ სიმრუდესთან ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც აღინიშნებოდა აქტიური სისხლდენა, აღინიშნებოდა მლივი ნაწლავის ნაკვეთი ჭრილობა და ბადექონის გამჭოლი ჭრილობა, ხოლო გულმკერდის არეში - ჭრილობა კუნთების მასიური დაზიანებით, ჭრილობა სისხლმდენი იყო მთელ სიგრძეზე. თორაკოაბდომინალური ჭრილობების სიგრძივი ზომა იყო დაახლოებით 50-55 სმ, ასევე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში, ზომით 4.1-1.5 სმ. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით და დასკვნის უტყუარობაში ეჭვის შეტანისა და არგაზიარების რაიმე საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ღ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი