საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.06.2021
საქმის ნომერი
2კ-50აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002645465

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№50აპ-21 ქ. თბილისი

ჭ–ე გ., 50აპ-21 25 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; კასატორის მტკიცებით, გ. ჭ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ, გარდა დაზარალებულ ს. გ–ს ჩვენებისა, სასამართლოს წარუდგინა პატრულ-ინსპექტორების - გ. მ–სა და დ. კ–ს ჩვენებები, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ მტკიცებულებებად იქნეს მიჩნეული და სხვა სამხილები, რომელთა ერთობლიობა საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჭ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თ.......ში, წ........ი, ............ს ქუჩა №..-ში, გ. ჭ–მ ყოფილ მეუღლეს - ს. გ–ს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ჩაავლო ხელი მაჯაზე და სხეულის ამავე არეში დაარტყა ხელი. გ. ჭ–ს ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. გ. ჭ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით გ. ჭ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას გ. ჭ–ს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება გ. ჭ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან: პოლიციელების - გ. მ–სა და დ. კ–ს გამოკითხვის ოქმები, ერთი მხრივ, არის ირიბი, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს (გ. ჭ–ე ს. გ–ს მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ჩაავლო ხელი მაჯაზე და სხეულის ამავე არეში დაარტყა ხელი) ეს მოწმეები პირადად არ შესწრებიან, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიციელების განმარტებები ვერაფრით დაადასტურებს დაზარალებულ ს. გ–ს ჩვენებას, რადგან მოწმეთა მითითებით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ მშვიდი ვითარება და ს. გ–ს მაჯის არეში დაზიანება არ აღენიშნებოდა; საყურადღებოა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ არის თანხვდენილი შემთხვევის დღეს მის მიერ ,,გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში“ შეტყობინების შინაარსთან, რომლის თანახმადაც, ყოფლი მეუღლე მას ემუქრებოდა ცემითა და სახლიდან გაგდებით და მისი მტკიცება ასევე არ დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც ს. გ–ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა; დაზარალებულის ჩვენების საპირწონედ წარმოდგენილ არასრულწლოვან ე. ჭ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მშობლების კამათის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, ხოლო მოწმე ვ. ს–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ს. გ–ი გ. ჭ–სთან შეკამათების შემდეგ ძალიან აღელდა და ,,გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში“ განაცხადა, რომ გ. ჭ–ე აპირებდა მის ცემას; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც სარწმუნოდ დადგინდებოდა გ. ჭ–ს ბრალეულობა.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი