საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2021
საქმის ნომერი
2კ-3აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002464465

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №3აპ-21 ქ. თბილისი

მ–ე მ., 3აპ-21 17 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვლადიმერ თურმანიძის, მსჯავრდებულ მ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი - ვლადიმერ თურმანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ მ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებული მ. მ–ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. ა–ს საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მ. მ–ს გამართლებას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით მ. მ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გაუქმდა მ. მ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - მ. მ–ეს უნდა დაუბრუნდეს სს „.........ს ბანკში“ 2018 წლის 16 ივლისს 1000 ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ.........ში, ........სა და ..........ს ქუჩების კვეთაში მოძრაობდა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, სახ.№.........., რომელსაც მართავდა მ. მ–ე. მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა „მერსედეს სპრინტერის’’ მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა გ. მ–ე, რის შედეგადაც „მერსედეს სპრინტერის’’ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა ქვეითს - ა. ც–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ მ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. მ–სა და მისი ადვოკატების არგუმენტებს, რომ მას არ ჩაუდენია შერაცხული დანაშაული და მიაჩნია, რომ მათი პოზიცია მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ა. ც–სა და მოწმეების - ბ. მ–ს, თ. მ–ის, გ. მ–ის, ი. წ–ს ჩვენებებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება მ. მ–სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა „მერსედეს სპრინტერის’’ მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა გ. მ–ე, რის შედეგადაც „მერსედეს სპრინტერის’’ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა ქვეითს - ა. ც–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მ. მ–ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. მ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვლადიმერ თურმანიძის, მსჯავრდებულ მ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ა–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე