საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.06.2021
საქმის ნომერი
2კ-993აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002598512

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №993აპ-20 ქ. თბილისი

ც–ე ჯ., 993აპ-20 2 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ჯ. ც–სა და ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში - სსკ-ის) 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ც–ს , - დაბადებულს 19.. წელს, და ი. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდათ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 მაისს, ღამის საათებში, ქ. ............ში, ..........ის გზატკეცილის N..-ში მდებარე კლუბ ,,..........ში’’ ყოფნისას, ჯ. ც–ე და ი. ჩ–ე ა. ი–ს, ო. ჯ–ისა და ა. დ–ს წინააღმდეგობის მიუხედავად, აიძულებდნენ მათ, კლუბ ,,..........ის’’ გადაეხადათ მომსახურების თანხა. ამის შემდგომ ჯ. ც–მ და ი. ჩ–ემ აიძულეს ა. ი–ი, რომ ჩამჯდარიყო ჯ. ც–ს კუთვნილ ,,მერსედესის’’ მოდელის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით ......... და წაიყვანეს ხ............ის რაიონის სოფელ ..............ში მდებარე ,,ვისოლის’’ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ჯ. ც–ემ და ი. ჩ–ემ ა. ი–ი აიძულეს, რომ მისი პლასტიკური ბარათიდან აღნიშნული ,,ვისოლის’’ ბენზინგასამართი სადგურის ტერმინალზე გაენაღდებინა 2500 ლარი და გადაეცა მათთვის. ამის შემდგომ ჯ. ც–ე და ი. ჩ–ე დაბრუნდნენ ქ. ბ......ში მდებარე კლუბ ,,...........ში’’ და ა. დ–ი აიძულეს, გადაეხადა კლუბ ,,.........ვის’’ მომსახურების თანხა - 1000 თურქული ლირა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენით:

ჯ. ც–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

გამართლებულ ჯ. ც–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

გაუქმდა ჯ. ც–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას 5000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, გ. ჭ–ს (პ/ნ ............) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხ...........ს რაიონი, სოფელი ....., სახლი N.......... კვ/მ ფართი (ზონა - ხ...........ი ..., სექტორი - .., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., კოდი ..........) 5000 ლარის წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ი. ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

გამართლებულ ი. ჩ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

გაუქმდა ი. ჩ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და გირაოს შემტანს - თ. ხ–ს (პ/ნ ................) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,.......... ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა - 5000 ლარი (დასტურის №.......) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ჯ. ც–სა და ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში შემდგომ მოხდასთან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ჯ. ც–სა და ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არგუმენტირებულად იმსჯელა და მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რომლებმაც ჯ. ც–სა და ი. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში გამართლება გამოიწვია. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებათა საკმარისობისა და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლისა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ჯ. ც–სა და ი. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არც გამოძიების პროცესში და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მათ მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

8. მოწმეგ. ი–ს ჩვენებით დადგენილია, რომ დროებით მუშაობდა ბ-ში აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკოკლუბ „...... ი“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ბარში და კლიენტებთან საერთოდ არ ჰქონია რაიმე სახით ურთიერთობა. საბოლოო ანგარიშს თავად აძლევდა მიმტანს ბოლოს. როგორც ახსოვს, ალკოჰოლური სასმელების, წვენების, საჭმლისა და ხილის ასორტის ღირებულება იყო 5000 ლარამდე; მათ გამოთქვეს პრეტენზია თანხის გადახდაზე და განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ამ ოდენობის თანხა; მიმტანმა მათთან სასაუბროდ მიიყვანა ჯ. ც–ე და თარჯიმანი ი. ჩ–ე; მათ შორის იყო ხმამაღალი საუბარიც, სხვაგვარად ვერც გააგონებდნენ, რადგან მუდმივად მუსიკაა ჩართული და გაქვს თუ არა სურვილი, უნდა ისაუბრო ხმამაღლა; მათ შორის ერთ-ერთმა, როგორც იცის, თქვა, რომ ბანკომატზე ჰქონდა თანხა და მის მოსახსნელად გავიდნენ კლუბიდან; ის არ ჩარეულა მათ საუბარში, არც ის იცის, ბოლოს რამდენი და რა გზით გადაიხადეს; არც შემდეგ დაინტერესებულა ამ ამბით; იხსენებს, რომ თანხის მოსახსნელად გასვლის შემდეგ, ისინი კვლავ დაბრუნდნენ კლუბში და ჯ. ც–მ კვლავ მიიპატიჟა სუფრასთან, თავად აიღო ბარიდან მის ხარჯზე სასმელი და განაგრძეს დალევა; რაიმე სახით პრეტენზია ან კამათი არც დაფიქსირებულა შემდეგ; საქმის განხილვისას ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ მოწმის ჩვენება; მოწმის განმარტებით, ადასტურებს, რომ იმავე სახის ჩვენებაა მისი გამოკითხვის ოქმში (იხ. სხდომის ოქმი, გამოკითხვის ოქმი ტ.1. ს.ფ.108-109).

9. უდავოდ ცნობილი - თ. ყ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც არ დასტურდება იძულების ფაქტი (იხ. გამოკითხვის ოქმი, ტ.1. ს.ფ.102-103).

10. ი. ჩ–ემ და ჯ. ც–ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ დანაშაულებრივი ქმედება - იძულება - არ ჩაუდენიათ დაზარალებულების მიმართ, ისინი ითხოვდნენ მომსახურების თანხის გადახდას, მათ დაზარალებულებთან კონტაქტი ამ დრომდეც აქვთ და მათ შორის ნორმალური ურთიერთობაა; ასევე, დაზარალებულებს რაიმე სახის პრეტენზია ამჟამად მათ მიმართ არ გააჩნიათ.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა ჩვენებებითაც ვერ დასტურდება, რომ მათ მიმართ ჩადენილია იძულება, კერძოდ, დაზარალებულთა განმარტებით, ჯ. ც–ე და ი. ჩ–ე ითხოვდნენ მომსახურების თანხის გადახდას, რომელიც მათ მიიჩნიეს, რომ იყო ზედმეტი. მათივე ჩვენებით, გარდა იმისა, რომ კლუბის მეპატრონე ჯ–ი ხმამაღლა საუბრობდა, ყვიროდა, მისი მხრიდან არანაირი იძულება, ან ფიზიკური ძალადობა, ან შეურაცხყოფა არ ყოფილა, ხოლო თარჯიმანი მათ ურჩევდა, რომ დროულად გადაეხადათ და დაესრულებინათ ეს პრობლემა. ამდენად, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევისას პირდაპირი სახის მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც დისკოკლუბ „.....ში“ ბრალდებულთა მხრიდან ჯგუფურად დაზარალებულების - ა. ი–ს, ო. ჯ–ისა და ა. დ–ს იძულებას დაადგენდა, გამოკვეთილი არ არის.

12. იმავდროულად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ი მართალია სასამართლოს ავალდებულებს წარმოადგენილი მტკიცებულებები შეაფასოს სსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, მაგრამ სსსკ-ი მკაფიოდ განსაზღვრავს მტკიცებულებათა დასაშვეობასთან (მათ შორის გასაჩივრებასთან) დაკავშირებულ პროცედურებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია დაუშვებლად ცნობილი (მათ შორის არასწორად) მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობას მსჯავრდებისათვის.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე