შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100120003738664
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №144აპ-21 ქ. თბილისი
ნ–ი ფ., 144აპ-21 21 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. ნ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ფ. ნ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 11 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 13 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ფ. ნ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 მაისიდან.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 11 მაისს, დაახლოებით დილის 09:30 საათზე, ა.......ის რაიონის სოფელ ..........ში მცხოვრებმა ფ. ნ–მ თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - ნ. ნ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი სამჯერ დაარტყა თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 13 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა..........ს რაიონის სოფელ ..........ში მცხოვრებმა ფ. ნ–მ თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - ნ. ნ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი ერთხელ დაარტყა თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 13 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა..........ს რაიონის სოფელ .........ში მცხოვრები ფ. ნ–ი თავის საცხოვრებელ სახლში, დანით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - კ. ნ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ფ. ნ–ს გამართლებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ფ. ნ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სართანია შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ფ. ნ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ფ. ნ–ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ზემომითითებულ ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ კ.ნ–ს ჩვენება, მოწმეების - ვ. ნ-ს, ზ. გ-ს ჩვენებები, დანაშაულის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი, 2020 წლის 13 მაისს გაცემული №...... შემაკავებელი ორდერი და მასზე თანდართული ოქმი, ამოღების ოქმი.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
4. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა კ. ნ–მ განმარტა, რომ როგორც დედისაგან შეიტყო, 2020 წლის 11 მაისს ფ. ნ–ს ნ. ნ–სათვის სახლში ჩხუბის დროს მუშტი ჩაურტყამს თავის არეში, მაგრამ დედას ამის შესახებ მისთვის არ უთქვამს და არც პოლიციისათვის მიუმართავს.
5. დაზარალებულმა ნ. ნ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღლის - ფ. ნ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ერთნაირ მტკიცებულებით სტანდარტს ყველა კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით ქმედების ხასიათისა და სპეციფიკის მიუხედავად. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში პირის მსჯავრდებისთვისაც მისი ბრალეულობა დადასტურებული უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - კ.ნ–ს ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს. დასახელებული მოწმე არ არის ფ. ნ–ს მხრიდან ძალადობის უშუალო შემსწრე, არამედ - ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, ხოლო საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულმა ნ. ნ–მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ახლო ნათესავის - მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
8. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მხოლოდ კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ირიბი ჩვენება .... შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. ასევე, მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №746აპ-19).
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან.
10. იმავდროულად, სასამართლო თვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ფ. ნ–ს მიერ 2020 წლის 11 მაისს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მოწმის ირიბი ჩვენება; სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფ. ნ–ს მიერ 2020 წლის 11 მაისს ნ. ნ–ს მიმართ ძალადობის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
12. რაც შეეხება მსჯავრდებულ ფ. ნ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფ. ნ–ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება არ არის მიზანშეწონილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ფ. ნ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ფ. ნ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 11 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4. ფ. ნ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 13 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ფ. ნ–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2020 წლის 13 მაისიდან;
5. ნივთმტკიცება - დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე