შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120004082663
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№682აპ-21 28 სექტემბერი, 2021 წელი
გ. გ, 682აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურისა და მსჯავრდებულ გ. გ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების თანახმად, გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. გ. გ. ფიქრობდა, რომ ვინაიდან მისი მეუღლე იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას და მისი ნებართვის გარეშე არ განეხორციელებინა რაიმე ქმედება. აღნიშნული დისკრიმინაციული მოტივით, 2020 წლის 28 ივლისს, დილით, თ–ი, მ-ს მე-4- მიკრორაიონში, N-- კორპუსში, ბინა N---ში მყოფ მეუღლეს - ფ. ჩ-ს აუკრძალა დისშვილთან წასვლა, რაც იყო დაზარალებულის სურვილი და მეუღლის მოთხოვნა შეასრულა თავისი ნების საწინააღმდეგოდ;
1.2. გ. გ. ფიქრობდა, რომ ვინაიდან მისი მეუღლე იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას და მისი ნებართვის გარეშე არ განეხორციელებინა რაიმე ქმედება. აღნიშნული დისკრიმინაციული მოტივით, 2020 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ი, მ-ს მე-4- მიკრორაიონში, N-- კორპუსში, ბინა N--ში, გ. გ. ფიზიკურად ძალადობისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ფ. ჩ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, არ აცოცხლებდა, დაახრჩობდა და მის გვამს გადააგდებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3. გ. გ. ფიქრობდა, რომ ვინაიდან მისი მეუღლე იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას და მისი ნებართვის გარეშე არ განეხორციელებინა რაიმე ქმედება. აღნიშნული დისკრიმინაციული მოტივით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლის 29 ივლისის ჩათვლით პერიოდში, თ-ი, მ-ს მე-4- მიკრორაიონში, N-- კორპუსში, ბინა N---ში, გ. გ. არაადამიანურად ეპყრობოდა მეუღლეს - ფ. ჩ-ს: მუდმივად ლანძღავდა და აგინებდა უმიზეზოდ, ყოველდღიურად აფურთხებდა სახეში და ამცირებდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას; ასევე ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის 2020 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ი, მ--ს მე-4- მიკრორაიონში, N-- კორპუსში, ბინა N---ში, გ. გ--ა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფ. ჩ-ს - ხელი მოუჭირა ყელში და შეანჯღრია, მარჯვენა მკლავზე და სახის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც იგი წაიქცა. წაქცეულს ტანზე დააჯდა და ორივე ხელს ძლიერად უჭერდა ყელში, ისე, რომ დაზარალებულს სუნთქვა შეეკრა და თვალთ დაუბნელდა, თუმცა შეძლო მკერდის არეში კბენა, ისარგებლა დროებით ხელის გაშვებით და მოახერხა საძინებელ ოთახში გაქცევა. გ. გ. უკან გაჰყვა და სახეში გაშლილი ხელი გაარტყა. დაზარალებული საწოლზე დაეცა. მას ერთი ხელით ორივე ხელი გაუკავა, მეორით კი ანთებული სიგარეტი დაადო მარჯვენა ფეხის ბარძაყზე და დაწვა. ფ. ჩ–მა კვლავ შეძლო თავის დაღწევა და გაიქცა დახმარების სათხოვნელად, თუმცა გ. გ. კვლავ ცდილობდა მის შეჩერებას და ტანის არეში ურტყამდა მუშტებს. ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფ. ჩ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განაჩენით გ. გ, - დაბადებული 1--- წლის 1- აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ. გ-–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 30 ივლისიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ. გ-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის 28 ივლისს, დილით, თ-ი, მ-ს მე-4- მიკრორაიონში, N-- კორპუსში, ბინა N---ში მყოფ ფ. ჩ–ს მეუღლემ, გ. გ--ა აუკრძალა დისშვილთან წასვლა, რაც იყო დაზარალებულის სურვილი და მეუღლის მოთხოვნა შეასრულა თავისი ნების საწინააღმდეგოდ;
3.2. 2020 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ი, მ-ს მე-4- მიკრორაიონში, N-- კორპუსში, ბინა N---ში, გ. გ. ფიზიკურად ძალადობისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ფ. ჩ-ს - უთხრა, რომ მოკლავდა, არ აცოცხლებდა, დაახრჩობდა და მის გვამს გადააგდებდა. მუქარა დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3.3. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლის 29 ივლისის ჩათვლით პერიოდში, თ–ი, მ-ს მე-4- მიკრორაიონი, N-- კორპუსში, ბინა N---ში, გ. გ. არაადამიანურად ეპყრობოდა მეუღლეს, ფ. ჩ-ს: მუდმივად ლანძღავდა უმიზეზოდ, ყოველდღიურად აფურთხებდა სახეში და ამცირებდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას; ასევე ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის 2020 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ი, მ-ს მე-4- მიკრორაიონში, N-- კორპუსში, ბინა N---ში, გ. გ-ა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფ. ჩ–ს, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელში და შეანჯღრია, მარჯვენა მკლავზე და სახის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც იგი წაიქცა. წაქცეულს ტანზე დააჯდა და ორივე ხელს ძლიერად უჭერდა ყელში. დაზარალებულს სუნთქვა შეეკრა და თვალთ დაუბნელდა, თუმცა შეძლო მკერდის არეში კბენა, ისარგებლა დროებით ხელის გაშვებით და მოახერხა საძინებელ ოთახში გაქცევა. გ. გ. უკან გაჰყვა და სახეში გაშლილი ხელი გაარტყა. დაზარალებული საწოლზე დაეცა. მას ერთი ხელით ორივე ხელი გაუკავა, მეორით კი ანთებული სიგარეტი დაადო მარჯვენა ფეხის ბარძაყზე და დაწვა. ფ. ჩ–მა კვლავ შეძლო თავის დაღწევა და გაიქცა დახმარების სათხოვნელად, თუმცა, გ. გ. კვლავ ცდილობდა მის შეჩერებას და ტანის არეში ურტყამდა მუშტებს. ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფ. ჩ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა და მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ნ-ა.
4.1. პროკურორმა მარიამ გიგაურმა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. გ--ს მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩადენის გაზიარება და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. ადვოკატმა ნ. ნ-ა ითხოვა გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გამტყუნების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 11-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მსჯავრის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურისა და მსჯავრდებულ გ. გ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა ნ. ნ-ა მოითხოვა გ. გ--ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გამტყუნების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 11-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მსჯავრის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მტკიცებულებად მოიშველია მეზობლების - თ. და გ. მ-ს ჩვენებები, როგორც პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რაც რეალურად არის აბსურდი. თითქოს, ამ მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მათ გ. გ-სა და ფ. ჩ-ის სახლიდან ესმოდათ არასასიამოვნო სიტყვები. როდესაც მათთან დასამშვიდებლად ავიდნენ და კარზე დააკაკუნეს, ბინიდან გამოვიდა აღელვებული დაზარალებული და ლიფტისკენ წავიდა. მისი მეუღლეც განერვიულებული იყო. ისინი ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა ერთი მტკიცებულებაც კი, რომ გ. გ. აფურთხებდა ფ. ჩ–ს. აგრეთვე არ დასტურდება გ. გ-ს მხრიდან დაზარალებულისათვის სიგარეტის განზრახ მიდებისა და დაწვის ფაქტი. გარდა ამისა, ასეთი კვალიფიკაციისთვის უნდა დადგენილიყო - დამნაშავის განზრახვა მოიცავდა თუ არა დამამცირებელ მოპყრობას, რაც ამ შემთხვევაშიც გამორიცხულია. ის, რომ გ. გ-ა ფ. ჩ–ის მიმართ იძალადა, ნამდვილად არ წარმოადგენს დაცვის მხარისათვის დავის საგანს, მაგრამ როგორც ბრალდებამ, ასევე ორივე ინსტანციის სასამართლომ მის ქმედებას კვალიფიკაციის ნაწილში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. საგამოძიებო ექსპერიმენტიც არ უნდა ჩაეთვალათ მტკიცებულებად პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში აღწერილია დაზარალებულ ფ. ჩ-ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება. რაც შეეხება ფ. ჩ-ის სამედიცინო ბარათს, სამედიცინო, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და ა.შ., ისინი ვერ ჩაითვლება გ. გ-ს ბრალად შერაცხული დანაშაულების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. ამჟამად მსჯავრდებული შერიგებულია დაზარალებულთან და მათ გააჩნიათ სურვილი, გააგრძელონ თანაცხოვრება. გ. გ. არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, მუშაობს ავტოსატრანსპორტო კომპანიაში და 15 წლის მანძილზე ადმინისტრაციულადაც კი არ დასჯილა.
7. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ კანონით განსაზღვრული სასჯელის დაკისრება.
7.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გ. გ. ბრალად წარდგენილ ქმედებებში დამნაშავედ ცნო, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს ბრალდებაში დისკრიმინაციის ნაწილი. არ გაითვალისწინეს სსკ-ის 531–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება, რომ ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ზომა ერთი წლით უნდა აღემატებოდეს კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელს; შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არის უფრო მსუბუქი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს დამძიმებისკენ. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ქმედებების ხასიათი, მისი განხორციელების მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დათქმა და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში უდავოდ ცნობილი მოწმეების ჩვენებებით დასტურდება გ. გ-ს დისკრიმინაციული დამოკიდებულება მეუღლის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სსკ–ის 531–ე მუხლით განსაზღვრული პირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ--ს საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო გ. გ-ს მსჯავრდების სამივე ეპიზოდს ცალ-ცალკე მიმოიხილავს და დამოუკიდებლად შეაფასებს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც მსჯავრდებას დაედო საფუძვლად.
1.1. მუქარის ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი):
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. გ--ს მიერ მუქარის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №515აპ-20 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ბრალდებულის მუქარამ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განსახილველ საქმეშიც დაზარალებულმა ფ. ჩ–მა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს იმგვარ შეუცვლელ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც ფაქტობრივად შეუძლებელია პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღარ მსჯელობს საქმეში არსებულ ბრალდების სხვა მტკიცებულებებზე.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს მხოლოდ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების არგუმენტაციაზე, რომ 2020 წლის 27 ოქტომბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N-- დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ფ. ჩ–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, წარმოადგენს მუქარის განხორციელების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სასამართლო სხდომაზე უნდა ადასტურებდეს უშუალოდ დაზარალებული. ამ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ფ. ჩ-მა მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რაც მოცემულ საქმეში იმთავითვე გამორიცხავს არსებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის უპირობოდ გაზიარების საფუძველს.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. გ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და გ. გ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
1.2. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა (საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილი):
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდების ამ ეპიზოდშიც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გ. გ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ,,არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს მინიმალურ ზღვარს, რათა მოხდეს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში. ამ მინიმუმის შეფასება შეფარდებითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, კერძოდ, ისეთებზე, როგორებიცაა: მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და სულიერი შედეგები და ზოგიერთ შემთხვევაში სქესი, ასაკი, მსხვერპლის ჯანმრთელობა და მდგომარეობა“ (ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, Labita v. Italy, N26772/95), 06/04/2000, §120). ამასთან, „არასათანადო მოპყრობის პრეტენზიები გამყარებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით“ (ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, Labita v. Italy, N26772/95, 06/04/2000, §121); სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების მიზნით, ადგენს მტკიცების სტანდარტს - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა,“ მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ ასეთი მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან ან ანალოგიური, უტყუარი ფაქტების აღქმიდან (ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Ireland v. The United Kingdom, N5310/71, 18/01/1978, §161).
გ. გ-ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება მოიცავდა:
ა) ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც გამოიხატა ლანძღვა-გინებასა და ყოველდღიურად შეფურთხებაში, მეუღლის ნებართვის გარეშე ქმედების აკრძალვაში;
ბ) ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომელიც მოიცავდა ყელში ხელის მოჭერას, შენჯღრევას, მარჯვენა მკლავსა და სახის არეში მუშტის დარტყმასა და ანთებული სიგარეტით მარჯვენა ფეხის ბარძაყის დაწვას.
საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფაბულიდან გამომდინარე, ცალ-ცალკე შეაფასებს ფსიქოლოგიური ტანჯვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილებს:
ფსიქოლოგიური ტანჯვა:
ფსიქოლოგიურ ტანჯვასთან მიმართებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან მოცემული ბრალდების ნაწილი დასტურდება მხოლოდ 2020 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N-- დასკვნით, რომლის თანახმად, ფ. ჩ–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სხვა მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდების აღნიშნულ ნაწილს, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მსჯავრდებულისა და დაზარალებულის მეზობლებმა, გ. მ--ა და თ. მ-ა ჩვენების მიცემის დროს მიუთითეს, რომ შემთხვევის დღის გარდა, სხვა დროს, მათი სახლიდან არ გაუგიათ იმგვარი ხმაური, რომ მათთან ასულიყვნენ.
რაც შეეხება - მოწმეების მ. ჩ-ისა და მ. ჩ-ის გამოკითხვის ოქმებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი უშუალოდ არ შესწრებიან ტანჯვის მიყენების ფაქტს და მხოლოდ ირიბი ფორმით, თავად ფ. ჩ-ის ნაამბობიდან გამომდინარე, მიუთითებენ დანაშაულებრივ ქმედებებზე. თავის მხრივ, ფ. ჩ–მა, როგორც აღინიშნა, მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N1/1/548 გადაწყვეტილებაში (საქმეზე ,,ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-52 პარ.) მიუთითა, რომ ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“ საკონსტიტუციო სასამართლომ (იმავე გადაწყვეტილებაში, II-36 პარ.) აგრეთვე აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება: ,,ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.“
მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევა არ გამოკვეთილა. მაშინ, როდესაც პოსტკონფლიქტური ვითარების უშუალო შემსწრე პირებს დაზარალებული არაფერს ეუბნება და მხოლოდ ამის შემდეგ უყვება ახლობლებს, ამ უკანასკნელთა ირიბი ჩვენებები ვერ გახდება გასაზიარებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი.
ფიზიკური შეურაცხყოფა:
რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, საკასაციო საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარისათვის დავის საგანს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ გ. გ-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით სიტყვაში გ. გ-ა მიუთითა, რომ 2020 წლის 29 ივლისს მან ფ. ჩ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა სიგარეტით განზრახ მისი დაწვისა და დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
გ. და თ. მ-ს ჩვენებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ დღეს, სახლში ზედა სართულიდან შემოესმათ ხმაური. როდესაც ავიდნენ გ-ებთან და დააკაკუნეს, ბინიდან გამოვიდა აღელვებული ქალბატონი და ლიფტისკენ გაემართა.
ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტი დასტურდება 2020 წლის 8 სექტემბრის N--- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის თანახმად, 2020 წლის 30 ივლისს ფ. ჩ-ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები. სისხლნაჟღენთები განვითარებული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად. დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ხანდაზმულობით მათი განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღნიშნულის თანახმად, ფ. ჩ–მა აღიდგინა 29 ივლისს მომხდარი ფაქტები და მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც გ. გ. სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა (წინასწარ გამოძიებაში მიუთითა მეუღლის მხრიდან მათ შორის სიგარეტის დაწვის ფაქტზე). მიუხედავად იმისა, რომ ფ. ჩ-მა სასამართლო სხდომაზე მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, როგორც პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, გაიზიარეს და მიუთითეს ორ გარემოებაზე:
ა) მტკიცებულებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭება გულისხმობს, რომ მხარემ აღნიშნული მტკიცებულება მიიღო გამოკვლევის გარეშე, ისე, როგორც არის წარმოდგენილი საქმეზე და მასზე არაფერი აქვს სადავო მეორე მხარესთან;
ბ) მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვა, რომ თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე, მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე რაიმე ფორმით დემონსტრირება და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მსგავსი შინაარსის დათქმას სასამართლო სხდომაზე დასაკითხი სხვა სტატუსის მქონე პირების მიმართ კანონი არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, მოცემულ საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად გაზიარების ფაქტს არ ეთანხმება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 17 იანვრის N455აპ-18 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან.“ თუმცა, აღნიშნული მსჯელობა არ გულისხმობს, რომ მოსამართლემ პროცესის მიღმა, დამოუკიდებლად და კრიტიკულად არ უნდა შეაფასოს როგორც მტკიცებულების შინაარსი, ისე მისი კავშირი სხვა მტკიცებულებებთან. რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა წარმოადგენს იმ სამ უმთავრეს ელემენტს, რომლებზე დაყრდნობითაც საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 15 სექტემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ფ. ჩ-ისგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
იმ პირობებში, როდესაც ფ. ჩ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი გ. გ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეიუდიცია საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის ჭრილში უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი, როგორც კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელ/უარმყოფელ მასალად გამოყენება.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“
ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2020 წლის 15 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი გ. გ-ს ბრალის (სამივე ეპიზოდში) დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
არ არის დადგენილი ასევე დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ გამოკვეთილა გ. გ-ს მცდელობა - დაემტკიცებინა მისი, როგორც მამაკაცის, დომინანტი პოზიცია, ხოლო ფ. ჩ–ი, როგორც ქალი, საზოგადოებაში დამაკნინებელი სოციალური როლის მქონედ წარმოეჩინა. ფაქტი, რომ ფ. ჩ–ი ბრალდების ფაბულაში მითითებული ქმედებებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა, ვერ დასტურდება პირის დამნაშავედ ცნობისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, რის გამოც სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.
კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:
როგორც აღინიშნა, გ. გ-სათვის დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობით წარდგენილი ბრალდება გამოიხატა ფ. ჩ-ისათვის ფსიქოლოგიური ტანჯვისა და ხშირი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების ამ ეპიზოდიდან უტყუარად დასტურდება 2020 წლის 29 ივლისს გ. გ-ს მიერ ფ. ჩ-ისათვის მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი (გარდა სიგარეტით მისი განზრახ დაწვისა). აღნიშნული კი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით გათვალისწინებულ პირობებს; ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის (დამცირება, იძულება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება) დაზარალებულში უნდა იწვევდეს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას, რაც ამ შემთხვევაში არ გამოკვეთილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშანი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული (გარდა სიგარეტით ფ. ჩ-ის დაწვისა, რომლის განზრახ ჩადენა გ. გ-ა გამორიცხა და მიუთითა, რომ იგი კონფლიქტის მომენტში ეწეოდა სიგარეტს, რომელიც რა დროს მიედო ფ-ს, არ იცის).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თავად დაცვის მხარემ არ უარყო ფაქტი, რომ გ. გ-ა 2020 წლის 29 ივლისს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. მეზობლების - გ. მ--ა და თ. მ. ჩვენებებით დასტურდება გ--ს სახლში კონფლიქტისა და აღელვებული დაზარალებულის ყოფნის ფაქტი, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ. ჩ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყველა ნიშანი უტყუარად დადასტურებულია, რის გამოც, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის.
1.3. იძულების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი):
საკასაციო პალატამ მოცემულ ეპიზოდში დეტალურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მასალები, ფაქტობრივი გარემოებები, მათი შესაბამისობა ერთმანეთთან და მიაჩნია: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
2021 წლის 29 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლოში გ. გ-ა დასკვნით სიტყვაში წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ (გარდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა). მისი განმარტებით, 28 ივლისს, სამსახურში რომ მივიდა, სოფლიდან დაურეკა დედამ და უთხრა, რომ შვილს ჰქონდა სიცხე. მან დედას განუმარტა, რომ თანამშრომელს სთხოვდა ჩანაცვლებას და ჩააკითხავდა. მეუღლის ინფორმირება ვერ მოასწრო, როცა თავად ფ. ჩ–მა დაურეკა და უთხრა, რომ დისშვილმა საკუთარი მცირეწლოვანი შვილის დატოვება სთხოვა. გ. გ-ა მეუღლეს აღნიშნულზე კატეგორიული უარი განუცხადა, რადგან ისინი ხაშურში უნდა წასულიყვნენ. აღნიშნულის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც საბოლოოდ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ფ. ჩ–ი მეუღლის იძულების შედეგად რომ დარჩა სახლში და მათ შორის ურთიერთობა გადაიზარდა კონფლიქტში, დასტურდება მოწმეების - გ. მ-სა და თ. მ-ს ჩვენებებით, რომლებმაც მიუთითეს, რომ მათ სახლში, ზედა სართულიდან შემოესმათ ხმაური. როდესაც ავიდნენ და დააკაკუნეს, ბინიდან გამოვიდა აღელვებული ქალბატონი და ისე, რომ მიზეზი არ უთქვამს, ლიფტისკენ წავიდა.
თავის მხრივ, მოწმე მ. ფ-ა განმარტა, რომ ფ. ჩ–ი არის მისი დეიდა, ხოლო გ. გ. - დეიდის მეუღლე და დაადასტურა, რომ 2020 წლის 28 ივლისს ფ. ჩ-ი შეჰპირდა მისი მცირეწლოვანი შვილის დატოვებას, მაგრამ საბოლოოდ, დეიდამისმა ბავშვი არ დაიტოვა, ვინაიდან ამის წინააღმდეგი მისი მეუღლე იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდების ამ ნაწილში დგინდება, რომ ფ. ჩ–ი, შეპირების მიუხედავად, ვერ წავიდა დისშვილთან, სწორედ იმ მიზეზით, რომ მეუღლემ არ მისცა ამის ნებართვა. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს წარმოდგენილ მტკიცებულებებში, რომელთა შინაარსი სრულად ადასტურებს გ. გ-ს მხრიდან იძულების ქმედების შემადგენლობას, ხოლო ადვოკატს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
რაც შეეხება დისკრიმინაციულ მოტივს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ არის გამოკვეთილი გ. გ-ს მცდელობა - დაემტკიცებინა მისი, როგორც მამაკაცის, დომინანტი პოზიცია, ხოლო ფ. ჩ–ი, როგორც ქალი, საზოგადოებაში დამაკნინებელი სოციალური როლის მქონედ წარმოეჩინა. შესაბამისად, პროკურორის საკასაციო საჩივარი ვერც ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდება.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
სასჯელის დასაბუთება:
1.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებანი კი მითითებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს მის მიზნებსაც: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „დანაშაული გავლენას ახდენს როგორც ერთ ან რამდენიმე ინდივიდზე (დაზარალებულზე), ისე მთელს საზოგადოებაზე, რადგან კონკრეტული ადამიანის გარდა, ზიანს აყენებს ადამიანებს შორის შეთანხმებულ საზოგადო წესრიგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან; მან აპატია მეუღლეს და მიუთითა, რომ არ არის მისი დასჯით დაინტერესებული.
გ. გ-ა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში 2020 წლის 29 ივლისის ფაქტის პატიება და ერთი შანსის მიცემა ითხოვა; ამასთან, მიუთითა, რომ გულწრფელად ნანობდა.
ზემოაღნიშნულის პარალელურად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ. გ–ს მსჯავრი ედება ორი დანაშაულის ჩადენისათვის.
ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ..
მოცემულ შემთხვევაში გ. გ-ა დანაშაული ჩაიდინა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ფორმით, კერძოდ, იძულება და ოჯახში ძალადობა, რომელმაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. მაშასადამე, მოცემულ საქმეში, ძალადობის ხარისხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იძულების ნაწილში დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის კი მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. გ-სათვის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
1.6. საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუმცა, მე-4 ნაწილის მიხედვით, ხსენებული წესიდან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, როდესაც სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე (ე.ი მათ შორის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენაზე), როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი (სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას). მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლში (ოჯახში ძალადობა), პირდაპირ არის მითითება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაზე; რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლს (იძულებას), მართალია, მასზე არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი საგამონაკლისო წესი, მაგრამ, ვინაიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მაქსიმალური ვადა 1 წელია, საკასაციო პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი (ე.ი. 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. გ. გ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5. გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
6. გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. გ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
8. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 30 ივლისიდან;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი