საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2021
საქმის ნომერი
2კ-986აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002533485

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №986აპ-19 ქ. თბილისი

მ. გ., 986აპ-19 15 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ მელაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო - 2018 წლის 8 ივნისიდან იმავე წლის 18 ივნისის ჩათვლით.

გაუქმდა გ. მ–ს მიმართ ვანის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2018 წლის 11 ივნისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა - 2000 ლარი, რომელიც შეტანილია ...... ბანკში (ბანკის კოდი ...........), აღსრულების ეროვნულ ბიუროს N.............. ანგარიშზე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან მ. მ–ს (პ/ნ ............).

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ ვ–ში, ..............ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. მ–ს ყოფით საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა დედასთან - ვ. მ–სთან, რა დროსაც, კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, მას სიმშვიდისკენ მოუწოდა ამავე სახლში მცხოვრებმა ძმისცოლმა ი. გ–მ. აღნიშნულით განაწყენებულმა გ. მ–მ სახეში ხელის დარტყმით იძალადა ი. გ–ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. მ–ს გამართლებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი.

გ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ გ. მ–ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტან პირს - მ. მ–ს (პ/ნ ..............) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარი.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. გ. მ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ი. გ–ს ჩვენება, რითაც დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ივნისს გ. მ–მ მას ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მოწმეების - ვ. მ–ს, გ. ჩ–ს, დ. ა–სა და ვ. ჭ–ს ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ ი. გ–ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას გ. მ–ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. გ–ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. მ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე