საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003019446
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №222აპ-20 ქ. თბილისი
ა–ი ე., 222აპ-20 14 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ე. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
გამართლებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. მ–ი შესაგებლით ითხოვს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118- ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ........ის რაიონის სოფელ ..........ში მდებარე, ე. ა–სა და ვ. ა–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, დედასთან - გ. ს–სთან კამათით განაწყენებულმა ე. ა–მ, მარჯვენა ხელის სახის არესა და თავში ერთჯერადად დარტყმით, ასევე მარცხენა მკლავზე ხელის ძლიერად მოჭერით, ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - შ. ა–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ...........ს რაიონის სოფელ .............ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დედასთან - გ. ს–სთან კამათით განაწყენებულმა ე. ა–მ 2019 წლის 14 მაისს უმიზეზოდ სცემა თავის მეუღლეს - ვ. ა–ს, რაც დაზარალებულმა სასტიკ მოპყრობად მიიღო და 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:15 საათზე ა–ების ოჯახის კუთვნილ ნაკვეთში შენახული მომწამვლელი ნივთიერება ,,ბი 58-ის“ მიღებით სცადა თვითმკვლელობა.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში.
ე. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გაუქმდა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის N12/3-19 განჩინებით ა. ს–ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მისამართი: მ...........ის რაიონის სოფელი .........ი, ს/კ ............, ს/კ ..........) ე. ა–ს მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 10000 ლარის ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.
ე. ა–ს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ე. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა შ. ა–მ და მოწმე ბ. ა–მ არ გააკეთეს განცხადება ე. ა–ს მიერ ვ. ა–ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შესახებ და დააფიქსირეს პოზიცია, რომ არ სურდათ სასამართლოსთვის ახლო ნათესავის საწინააღდეგო ჩვენების მიცემა.
8. მოწმის სახით დაკითხული ე. ბ–ი არის პოლიციის თანამშრომელი, ხოლო დ. კ–ი - ექსპერტი, რომლებიც მონაწილეობდნენ მოცემულ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. ხსენებული მოწმეები მიუთითებენ, თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ და ასევე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. აღნიშნულმა პირებმა სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს, მოწმეთა დაკითხვის პროცესში და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. არცერთი მათგანი ე. ა–ს მიერ ვ. ა–ს მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ ძალადობის ფაქტსა და ვ. ა–ს მიერ სავარაუდოდ თვითმკვლელობის ცდას არ შესწრებია, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი თვითონ არ არიან.
9. მოწმე ა. ს–ს (დაზარალებულის მამა) ჩვენებით დადგენილია, რომ მის შვილსა და ე. ა–ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მათ შორის არანაირი ჩხუბი და კამათი არ მომხდარა. საკუთარ სიძეს დადებით პიროვნებად ახასიათებს. როდესაც შეატყობინეს, რომ მისმა ქალიშვილმა დალია წამალი და წაიყვანეს საავადმყოფოში, იგი თავადაც მივიდა საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მის ქალიშვილს არანაირი წამალი არ ჰქონდა დალეული და ეს ყოველივე მხოლოდ მათ შესაშინებლად გააკეთა. ოჯახის წევრებს კი შეეშინდათ, რადგან გონება ჰქონდა დაკარგული და ამიტომ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ანალიზების ჩაბარების შემდეგ მისი ქალიშვილი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად და ვინაიდან ის მამა იყო, თავადაც გაჰყვა.
10. მოწმე ე. მ–ს ჩვენებით, ის და ე. ა–ი დაახლოებით ოთხი წელი იქნება, რაც მეზობლები არიან და მასაც და მის მეუღლესაც იცნობს და დადებითადაც ახასიათებს. მისი ჩვენებით, მეუღლეებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათი სახლიდან ცემის ან რაიმე ჩხუბის ხმა არ გამოდიოდა. რაც შეეხება შხამის დალევის ფაქტს, ეს მან მომხდარიდან ორი დღის შემდეგ გაიგო. კერძოდ ის, რომ რძალსა და დედამთილს შორის რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა და დედამთილის შესაშინებლად გააკეთა ეს ყველაფერი. ამჟამად ისინი ერთ ოჯახად არიან და ერთად ცხოვრობენ.
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 მაისის №......... დასკვნის თანახმად, ვ. ა–ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
12. საქმეში არსებული, 2019 წლის 14 მაისს შედგენილი ოქმის თანახმად, შ. ა–მ კატეგორიული უარი განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე.
13. მოწმის სახით დაკითხული ექიმ-რეანიმატოლოგის ჩვენებით დადასტურდა, რომ ვ. ა–ს გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა დაუზუსტებელი ნევროზული აშლილობა, კერძოდ - ისტერია. მან კატეგორიულად გამორიცხა ვ. ა–ს მხრიდან რაიმე სახის მომწამვლელი ნივთიერების მიღების ფაქტი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად. კერძოდ, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე