საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.09.2021
საქმის ნომერი
2კ-1009აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002560750

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1009აპ-19 ქ. თბილისი

ი. რ.1009აპ-21 29 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით:

- რ. ი-ს - დაბადებული 1… წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27-28 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ტ-ს ქუჩა №..-ში მდებარე შპს „ძ-ს“ ღამის კლუბ „ფ-ში“ მომუშავე თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე მ. ქ. ა-სთან ერთად თ-ს რესპუბლიკის მოქალაქეებს - მ. ჩ-სა და მ. ბ-ს მოსთხოვა თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურის - 730 ლარის გადაცემა, რასაც თან ერთვოდა ძალადობის გამოყენების მუქარა ამ მუქარის რეალურობისთვის კი ძალადობაც, კერძოდ რ. ი-მ ფულის გადაცემის მოთხოვნის შემდეგ მუშტი ჩაარტყა მ. ბ-ს მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ქვემო მესამედში და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

- მ. ქ. ა-ს, - დაბადებული 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27-28 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ტ-ს ქუჩა №..-ში მდებარე შპს „ძ-ს“ ღამის კლუბ „ფ-ში“ იქვე მომუშავე თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე მ. ქ. ა-მ ჯგუფურად შპს „ძ-ს“ დირექტორთან რ. ი-სთან ერთად თ-ს რესპუბლიკის მოქალაქეების - მ. ჩ-სა და მ. ბ-ს მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა და ძალადობაც, კერძოდ იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების - ცემის მუქარით ითხოვდა მ. ბ-საგან და მ. ჩ-საგან თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურის - 730 ლარის გადახდას, ამავდროულად ამ მუქარის განხორციელების მომენტში მან ყური აუწია მ. ბ-ს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

რ. ი-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართელოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).

რ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ი-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.

მ. ქ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).

მ. ქ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ქ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ადილარ წირღვავამ. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ი-სა და მ. ქ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა. წ-მ. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ი-სა და მ. ქ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).

8. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს რ. ი-სა და მ. ქ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს გამოძალვისთვის, რაც გულისხმობს - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნას, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ მოიცავს ორ ურთიერთდაკავშირებულ და ამავე დროს შედარებით დამოუკიდებელ მოქმედებას: მოთხოვნას და მუქარას. ამასთან, არ უნდა არსებობდეს ქონების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი, ხოლო ძალადობის მუქარა მიმართული უნდა იყოს მომავლისაკენ, არ უნდა ატარებდეს იმწუთიერ ხასიათს.

10. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულებმა რ. ი-მ და მ. ქ. ა-მ განახორციელეს ძალადობის გამოყენების მუქარა დაზარალებულების მიმართ, რომ ეიძულებინათ ისინი გადაეხადათ კლუბ „ფ-ში” მათთვის გაწეული მომსახურების საფასური. ამასთან, მუქარა ატარებდა იმწუთიერ ხასიათს და უკავშირდებოდა ფიზიკური იძულების გამოყენებას. შესაბამისად, რ. ი-სა და მ. ქ. ა-ს ქმედებაში არ არსებობს გამოძალვის შემადგენლობა.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, ამ დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება: 1. პირის ფიზიკურ იძულებაში, 2. პირის ფსიქიკურ იძულებაში. ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ა.შ. ფსიქიკური იძულება კი იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა. მუქარა შესაძლებელია, მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმიც. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს გარკვეული მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და მისი გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა.

12. მოცემულ შემთხვევაში რ. ი-ს და მ. ქ. ა-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გამოიხატა დაზარალებულების იძულებაში შეესრულებინათ ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენდა, კერძოდ, გადაეხადათ მომსახურების თანხა მათთვის წარდგენილ ანგარიშში მითითებული ოდენობით - 730 ლარი, რასაც ისინი არ ეთანხმებოდნენ და აღნიშნული თანხის გადახდაზე უარს აცხადებდნენ იმ მოტივით, რომ იგი ბევრად აღემატებოდა მათ მიერ დისკო-კლუბში შეკვეთილი მენიუს და მიღებული მომსახურების რეალურ ღირებულებას. შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდათ ამ მოთხოვნის კანონიერების გარკვევამდე თავი შეეკავებინათ დასახელებული ოდენობის თანხის გადახდისგან. მიუხედავად ამისა, რ. ი. და მ. ქ. ა. აიძულებდნენ დაზარალებულებს მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, მაშინვე გადაეხადათ მომსახურების თანხა ანგარიშში მითითებული ოდენობით.

13. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას(№159აპ-21; №450აპ-20; №764აპ-19; №80აპ-16), რადგან მსჯავრდებულების - რ. ი-სა და მ. ქ. ა-ს ქმედებები საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე; ამასთან, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციუყლ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, ბრაკდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე