დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 31.03.2004
საქმის ნომერი
ას-600-1257-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-600-1257-03 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. თ-ის სარჩელი და მ. გ-ეს დაეკისრა 3180 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

იმის გამო, რომ ყადაღა დაედო მ. გ-ის სახლს, მისმა დედამ _ ნ. გ-ემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით და მიუთითა, რომ ყადაღა დადებული ქონება წარმოადგენდა კომლის საერთო საკუთრებას, ამიტომ აღსრულება უნდა მიქცეულიყო მისი შვილის, მ. გ-ის, წილი ქონებიდან, რაც კომლის საერთო საკუთრებაში 1373 ლარს შეადგენდა.

ოზურგეთის რაიონის სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ მ. გ-ის სახელზე რიცხულ 2001წ. 13 მაისის ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან ამოირიცხა ოთხი წილი ქონება და ყადაღადადებული დარჩა მხოლოდ 1373 ლარის ღირებულების ნებისმიერი ქონება.

2003წ. 31 მარტს ნ.გ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მან მიუთითა, რომ ქონება რომელსაც ყადაღა დაედო და მიქცეულ იქნა აღსასრულებლად, საკომლო ქონებაში მისი შვილის წილს კი არ წარმოადგენდა, არამედ თავისი პირადი საკუთრება იყო. ამის შესახებ სარჩელის წარდგენის დროს მისთვის არ იყო ცნობილი და კანონის არცოდნა არ უნდა დადებოდა საფუძვლად მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღებას.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის განჩინებით ნ.გ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის განჩინებით, მართალია, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 აპრილს მიღებული განჩინება, მაგრამ ახალი განჩინებით ნ.გ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იყო დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ქონება, რომლის ნაწილზეც სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი შვილისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხის აღსრულება უნდა მიექცეს, წარმოადგენს მის საკუთრებას. განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა, რომ მას, მისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული დოკუმენტები სასამართლოსთვის საქმის განხილვის დროს წარედგინა.

2003წ. 17 სექტემბერს ნ.გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ვინაიდან საკასაციო საჩივარი ხარვეზიანი იყო, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა.

მითითებული განჩინება ნ. გ-ეს ჩაბარდა 2003წ. 28 ნოემბერს. იმის გამო, რომ განჩინებით დაწესებულ ვადაში ხარვეზი არ შეივსო, საკასაციო სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. ხარვეზის შევსების შესახებ დოკუმენტაცია საკასაციო სასამართლომ მიიღო მოგვიანებით, რის გამოც მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება განახლდა და საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

კასატორმა მიუთითა, რომ საქმის განხილვის დროს სადავო ქონება საკომლო საკუთრება რომ არ იყო და შეადგენდა მის პირად საკუთრებას, არ იცოდა და არც ამის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა. ასეთი დოკუმენტი მან მოიპოვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. მას მიაჩნია, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის “ვ" პუნქტის შესაბამისად, ეს დოკუმენტი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს და ამ მოტივით მისი მოთხოვნა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფაგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის “ვ” პუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეულ მტკიცებულებას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სადავო სახლი წარმოადგენს მის საკუთრებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, კასატორმა მითითებული დოკუმენტი მოიპოვა საქმეზე მიღებული გადაწყვტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მის სახელზე აღრიცხვა განხორციელდა მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების ¹134 აქტით, რომელიც შედგენილია 1996წ. 4 მაისს, ანუ კასატორისათვის ამ ფაქტისა და დოკუმენტის არსებობის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1996წ. 4 მაისიდან და ამ დროიდან მოყოლებული ნებისმიერ დროს შეეძლო მიეთითებინა სასამართლოსათვის ამ გარემოებაზე.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კასატორი მოითხოვს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც მიღებულია მისი სარჩელის გამო და რომლითაც მთლიანად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ყადაღადადებული სახლის ოთხ წილზე ყადაღის მოხსნისა და აღსრულების, მხოლოდ 1373 ლარის ღირებულების ქონებაზე, მიქცევის შესახებ.

ზემოთ მითითებული გარემოებების გამო საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მოცემულ საქმეზე ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საფუძვლად ვერ დაედება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.