საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.10.2021
საქმის ნომერი
2კ-406აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№406აპ-21 ქ. თბილისი

ზ-ი გ-ა, 406აპ-21 25 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ზ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:55 საათზე, ქ. რ-ში, - მიკრორაიონში, №- საერთო საცხოვრებლის №- ოთახში, გ. ზ-ი ხ. ბ-ეს, რომელთანაც 2012-2013 წლებში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა, რომ „დაკლავდა“. ხ. ბ-ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გ. ზ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენის გაუქმებასა და გ. ზ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №65აპ-20, №515აპ-20, №140აპ-21, №682აპ-21).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ზ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ხ. ბ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ეგონა, რომ ნასვამი გ. ზ-ი ცომის საბრტყელებელს, რომელიც ხელში ეჭირა, დაარტყამდა, ამიტომ წაართვა და მას თვითონ ჩაარტყა, შემდეგ კი პოლიციაში იმიტომ დარეკა, რომ გ. ზ-ს რამე არ დამართოდა და იგი შეეშინებინა; გ. ზ-ი არასდროს ჩარეულა მის პირად ცხოვრებაში და შეურაცხყოფაც არასდროს მიუყენებია; მომხდარი ფაქტის გამო მას უხდის ბოდიშს. მოწმე ე. -ათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ასევე არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის საფუძვლიანობაზე მიუთითებდა, რაც გამორიცხავს ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის – დაზარალებულის არათანმიმდევრული და მოწმეების – გ. ტ-ის, გ. ხ-ის ირიბი ჩვენებები არ ქმნის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. ზ-ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საკასაციო საჩივარში განვითარებულ ზოგად მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტურ სამართალთან წინააღმდეგობის თაობაზე (საქმეები – „ერემია და სხვები მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ“ და ,,ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“). საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ შეიცავს მოტივაციას, თუ რაში გამოიხატა ეს წინააღმდეგობა. კასატორის მიერ გამოთქმული ზოგადი ფრაზები კი ვერ გახდება საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების საფუძველი.

11. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე