საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.02.2022
საქმის ნომერი
2კ-757აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100120003667696

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№757აპ-21 ქ. თბილისი

ს. ს., 757აპ-21 17 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს დამნაშავეებად ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით: დაზარალებულების - ა. ა-ს, მ. ქ-სა და ა. ა-ს, მოწმეების - ა. ა-ს, ე. ზ-ს, პ. ჯ-ს, მ. ჯ-ს, გ. კ-ს, ს. კ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, ნიმუშის აღებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებით, ამოღებული ვიდეოჩანაწერებით, სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს მიერ ჯგუფურად, ა. ა-ს, მ. ქ-სა და ა. ა-ს მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს ბრალად დაედოთ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 7 თებერვლის, ღამის საათებში, .. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ს-ს ძე ს-მა და ს. მ-ს ძე ს-მა ჯგუფურად, შელაპარაკების ნიადაგზე, სცადეს ა. ა-ს, მ. ქ-სა და ა. ა-ს მოკვლა, კერძოდ, დაზარალებულებს მუცლისა და გულმკერდის არეებში, დანის გამოყენებით მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო, შემავალი ჭრილობები.

3. ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ს. ს-ს ძე ს. და ს. მ-ს ძე ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პეტრე მანველიშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01//2015 წლის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-2).

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიდნენ უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა, რადგან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: დაზარალებულების - ა. ა-სა და მ. ქ-ს ჩვენებების შედეგად წარმოშობილი ეჭვები, რომ ჩხუბში, რომელშიც გარდა გამართლებულებისა, სხვა არაერთი პირი მონაწილეობდა, დაზარალებულებისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, მათ შორის, შესაძლოა, ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-საც მიეყენებინათ, რომელიც ვერ დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის მხედველობაში მიღებით, მართებულად გადაწყვიტეს ს. ს-ს ძე ს-სა და ს. მ-ს ძე ს-ს სასარგებლოდ; დაზარალებულები - ა. ა. და მ. ქ. ცალსახად და დამაჯერებლად არ მიუთითებენ, რომ სწორედ ს. ს-ს ძე ს-მა და ს. მ-ს ძე ს-მა მიაყენეს მათ ჭრილობები, ხოლო დაზარალებული ა. ა. მინიშნებითაც კი არაფერს ამბობს წარდგენილ ბრალდებებთან მათ შესაძლო კავშირზე; მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორმხრივი ჩხუბის დროს ს. მ-ს ძე ს-მა რაღაც დაარტყა ა. ა-ს, ხოლო ს. ს-ს ძე ს-მა ხელი ჰკრა მ. ქ-ს, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ს. ს-ს ძე ს. და ს. მ-ს ძე ს. ჯგუფურად ცდილობდნენ ა. ა-ს, მ. ქ-სა და ა. ა-ს მკვლელობას.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი