საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-744აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100115002893999

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №744აპ-21 ქ. თბილისი

თ–ე კ.744აპ-21 16 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. მ–სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. თ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.

გ. ჩ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.

2. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, ...........ის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე, გ. ჩ–ა მოძრაობდა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო №..... მან ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, კერძოდ, გასწრების უსაფრთხოება და გასწრების მანევრის შესრულებისას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო №...., რომელსაც მართავდა თ. მ–ი. შეჯახების შედეგად ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილმა დაკარგა მართვა და დაიწყო მოცურება. ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის უკან მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა კ. თ–მ, თავის მხრივ, ასევე ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, კერძოდ, გასწრების უსაფრთხოება, გასწრების მანევრის შესრულებისას გადავიდა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად მართვადაკარგული ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილის სამოძრაო ზოლში, რამაც ,,ჰონდას“ და ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილების შეჯახება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ,,ჰონდას“ მარკის ავტომანქანის მგზავრი ა. გ–ა და ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის მგზავრი ბ. მ–ი. “მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის მგზავრებმა - ნ. მ–მ, შ. ხ–მ, შ. ხ–მ, მ. გ–მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო მ. ნ–მ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა თ. მ–მ - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

3.1. გ. ჩ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით;

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

გ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის №12/47-14 განჩინებით დაყადაღებულ, შ. ღ–ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თ–ი, .........ის გამზირი, №...-ში საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა - თ–ი №..., სექტორი - ........, კვარტალი - №.., ნაკვეთი №......., კოდი №.... დაზუსტებული ფართობი: 6615.00 კვ/მეტრი, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, საკუთრება: სართული №.., ფართი 36.00 კვ.მ. მესაკუთრე: შ. ღ–ა (პირადი №......);

3.2. კ. თ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

მასვე 2 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

კ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან;

კ. თ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის №12/7-15 განჩინებით დაყადაღებულ, თ. ბ–ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: გ–ს რაიონის სოფელ კ–ში, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა - გ–ი №.., სექტორი - მ–ი №.., კვარტალი - №.., ნაკვეთი №..., დაზუსტებული ფართობი: 3980.00 კვ/მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, (სახნავი), საკუთრების ტიპი: საკუთრება, მესაკუთრე: თ. ბ–ა (პირადი №...........).

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველმა - ადვოკატმა ზ. მ–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. თ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, მის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო; პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმება გ. ჩ–ს გამართლების ნაწილში, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო კ. თ–ს მიმართ - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა, რომელმაც ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება მსჯავრდებულ კ. თ–ს მიმართ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი - ზ. მ–ი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და კ. თ–ს გამართლებას, მის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო; პროკურორი შორენა მგალობლიშვილი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას გ. ჩ–ს გამართლების ნაწილში, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო კ. თ–ს მიმართ - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულმა გ. ჩ–მ და მისმა ადვოკატმა ლ. ჯ–მ, რომლებიც ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრებით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ჩ–ს გამართლება, ხოლო კ. თ–ს მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლედ შეეხება მხარეთა არგუმენტებს.

11. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს როგორც კ. თ–ს, ისე გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დაცვის მხარე, შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. თ–ს გამართლებას, ხოლო გამართლებულ გ. ჩ–ს მიმართ - განაჩენის უცვლელად დატოვებას.

12. საქმის არსებითი განხილვისას ცალსახად დადგინდა და აღნიშნულ გარემოებებს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, .............ის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე, გ. ჩ–ა მოძრაობდა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით ........., რომელიც გასწრების მანევრის შესრულებისას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა თ. მ–ი; ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის უკან მოძრავ ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსს მართავდა კ. თ–ა; ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად მართვადაკარგული ,,ჰონდასა“ და ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად გარდაიცვალნენ ,,ჰონდას“ მარკის ავტომანქანის მგზავრი ა. გ–ა და ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის მგზავრი ბ. მ–ი, ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის მგზავრებმა - ნ. მ–მ, შ. ხ–მ, შ. ხ–მ, მ. გ–მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო მ. ნ–მ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა თ. მ–მ - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

13. მხარეებს შორის დავის საგანია საკითხის გარკვევა, პირველი შეჯახება არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში მეორე შეჯახებასთან და შესაბამისად - დამდგარ შედეგთან; ჩაიდინა თუ არა კ. თ–მ ან/და გ. ჩ–ამ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება.

14. აღნიშნული საკითხის გასარკვევად უნდა დადგინდეს, დაარღვიეს თუ არა ცალ-ცალკე კ. თ–მ და გ. ჩ–ამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები და არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტების კომპეტენციას წარმოადგენს მტკიცებულებებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინონ: კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი; შეეძლოთ თუ არა მძღოლებს შემთხვევის თავიდან აცილება; შეესაბამება თუ არა მათი მოქმედება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს; ასევე, ცალ-ცალკე გ. ჩ–სა და კ. თ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილების შეჯახებასთან.

15. ბრალდების მხარის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ორივე პირის ბრალეულობა კონკრეტულ ავტოსაგზაო შემთხვევაში. მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ როგორც გ. ჩ–მ, ასევე კ. თ–მ დაარღვეს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. პროკურორი თავისი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს ექსპერტების - გ. ბ–ს, ზ. თ–ს, დ. გ–ს, ლ. ფ–ს, ი. ს–ს ჩვენებებს, რომელთა თანახმად, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის „ჰონდას“ მარკის ავტომობილზე შეჯახების შემდეგ, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა არ დაზიანებულა, გზის სავალ ნაწილზე მკვეთრი შემობრუნება და მოცურება არ მომხდარა (თუმცა, ბრალდების მხარის აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ჰონდას“ მარკის ავტომობილს „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილმა შეჯახების შემდეგ მიმართულება არ შეუცვალა).

16. მსჯავრდებულ კ. თ–ს ადვოკატ ზ. მ–ს პოზიციით კი, სისხლის სამართლის საქმეზე შემთხვევისთანავე არ ჩატარდა ხარისხიანი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი სასამართლო-ტრასოლოგიური და სასამართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები. კერძოდ: 1. გამოძიების საწყის ეტაპზე ექსპერტ გ. ბ–ს მიერ ჩატარებული №.... სასამართლო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლ კ. თ–ს ქმედებაში კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია დამდგარი შედეგი, არ აღინიშნება და შეჯახების თავიდან აცილება მას არ შეეძლო. ამავე დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „მიცუბიშის“ მძღოლ გ. ჩ–ს ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამაც საბოლოოდ განაპირობა ავტომანქანა „ჰონდა ფიტის“ შეჯახება კ. თ–ს მართულ „მერსედესის მარკის“ ავტომანქანასთან; 2. მოგვიანებით ჩატარებული იმავე სახის ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, გ. ჩ–ს ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან და მხოლოდ კ. თ–ს ქმედება აღმოჩნდა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. მითითებული დასკვნები კატეგორიულად გამორიცხავენ ერთმანეთს; 3. მართალია, მოგვიანებით გ. ბ–მ შეცვალა თავისი პოზიცია კომისიური წესით ჩატარებულ ავტოტექნიკურ კვლევაში, მაგრამ აქაც სხვა ექსპერტებისაგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა და მიუთითა, რომ როგორც კ. თ–ს, ისე გ. ჩ–ს ქმედებაში იყო კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა და ორივეს ქმედება იყო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. მანვე სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ, მისი აზრით, ორივე მძღოლის ქმედება იყო კანონსაწინააღმდეგო და რომ არა პირველი შეჯახება, მეორე შეჯახება შეიძლება აღარ მომხდარიყო. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გ. ბ–ს საექსპერტო კვლევა ჩატარებულია შემთხვევისთანავე, მოკლე დროში, როდესაც ყველა კვალი და ნივთიერი მტკიცებულება იყო ადგილზე და მათი დათვალიერება მოხდა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე, რაც მეტ სანდოობას ანიჭებს ამ კვლევას სხვებთან შედარებით, რომლებიც შემთხვევიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ ჩატარდა.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა. პირველად ავტოტექნიკური ექსპერტიზა ჩაატარა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს .........ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარმა ექსპერტმა გ. ბ–მ, რომლის 2014 წლის 15 აგვისტოს N.... დასკვნის თანახმად:

კონკრეტულ ვითარებაში ავტომობილ ,,მიცუბიშის“ მძღოლ გ. ჩ–ს ქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. აღნიშნული მუხლის მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში მძღოლ გ. ჩ–ს შეეძლო მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება.

მიკროავტობუს ,,მერსედესის“ მძღოლ კ. თ–ს ქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, არ შეინიშნება და შეჯახების თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული მის ქმედებაზე.

ავტომობილ ,,ჰონდას“ მძღოლ თ. მ–ს ქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, არ შეინიშნება და შეჯახების თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული მის ქმედებაზე.

ავტომობილ ,,ისუზუს“ მძღოლ ი. ც–ს ქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, არ შეინიშნება და შეჯახების თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული მის ქმედებაზე.

ავტომობილების - „მიცუბიშის“, ,,ჰონდას“, ,,მერსედესის“ და ,,ისუზუს“ საჭით მართვის მექანიზმზე, სავალ ნაწილსა და სამუხრუჭე სისტემაზე შემთხვევამდე წარმოქმნილი გაუმართაობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, არ შეინიშნება.

18. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ, დაცვის მხარის მიერ დანიშნული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 სექტემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური N..... დასკვნის (ექსპერტები: ზ. თ–ე და დ. გ–ი) თანახმად:

ავტომობილ „მიცუბიშ ეკლიფსს“ მარცხენა გვერდის წინა და ავტომობილ ,,ჰონდა ფიტს“ მარცხენა გვერდის აღწერილ კოორდინატებში აღენიშნებათ ურთიერთკონტაქტით გამოწვეული მექანიკური დაზიანებები;

ავტომობილ ,,ჰონდა ფიტს“ წინა და ავტომობილ ,,მერსედეს ბენცს“ წინა მარცხენა ნაწილებზე აღენიშნებათ ურთიერთკონტაქტით გამოწვეული მექანიკური დაზიანებები;

ავტომობილ ,,მერსედეს ბენცს“ უკანა ქვედა და ავტომობილ ,,ისუზუ ტროპერს“ წინა ფრთასხმულობის ზედა მარჯვენა ნაწილებზე აღენიშნებათ ურთიერთკონტაქტით გამოწვეული მექანიკური დაზიანებები;

ავტომობილების - „მიცუბიშ ეკლიფსის“ და ,,ჰონდა ფიტის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა „მიცუბიშ ეკლიფსის“ მარცხენა გვერდის წინა და „ჰონდა ფიტის“ წინა მარცხენა კარის წინა ნაწილებს შორის, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 3÷5 გრადუსს, კონტაქტის საწყის ეტაპზე შეჯახება ზედაპირულია და ატარებს გასმით ხასიათს, შემდგომ უკანა კარის წინა ნაწილთან კონტაქტი უმნიშვნელოდ ღრმავდება და „მიცუბიშ ეკლიფსის“ წინა მარცხენა თვალის საბურავი და გარეთა ფერსო ,,შეხებაში მოდის“ უკანა მარცხენა თვალის თაღის წინა ნაწილთან და შემდეგ - თვალის დისკის გარეთა ფერსოსთან. აღნიშნული შეჯახების შედეგად მართვის ორგანოები, კერძოდ, საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა არ დაზიანებულა და ურთიერთკონტაქტის შედეგად ,,ჰონდა ფიტის“ გზის სავალ ნაწილზე მკვეთრი შემობრუნება და მოცურება არ მომხდარა;

ავტომობილების - „მიცუბიშ ეკლიფსის“ და „ჰონდა ფიტის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა გზის მარცხენა ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში „მიცუბიშ ეკლიფსის“ მარცხენა გვერდის წინა და ,,ჰონდა ფიტის“ წინა მარცხენა კარის წინა ნაწილებს შორის, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 3÷5 გრადუსს;

ავტომობილების - ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა მათი წინა მარცხენა ნაწილებით გზის მარცხენა, ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 10÷15 გრადუსს, რომელიც შემდგომ იზრდებოდა. შეჯახების მომენტში ,,ჰონდა ფიტი“ მთლიანად იყო თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო ,,მერსედეს ბენცი“ თითქმის მთლიანად იყო საპირისპირო სამოძრაო ზოლში და გადაადგილდებოდა თავისი სამოძრაო ზოლისკენ;

ავტომობილების - ,,ისუზუ ტროპერის“ წინა მარჯვენა ფრთასხმულობის ზედა ზედაპირზე და ,,მერსედეს ბენცის“ უკანა ქვედა მარცხენა ნაწილებს შორის ურთიერთკონტაქტი მოხდა იმ მომენტში, როდესაც ,,მერსედეს ბენცისა“ და ,,ჰონდა ფიტის“ ურთიერთკონტაქტის პროცესში მკვეთრად შენელების გამო ,,მერსედეს ბენცის“ უკანა ნაწილი აიწია გზის სავალი ნაწილის ზედაპირიდან;

ავტომობილ „ჰონდა ფიტის“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ავტომობილ „მიცუბიშ ეკლიფსთან“ და ავტომობილ „მერსედეს ბენცთან“ შეჯახების, თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;

ავტომობილების - ,,ჰონდა ფიტის“ მარცხენა გვერდის და „მიცუბიშ ეკლიფსის“ მარცხენა გვედრის წინა ნაწილით ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) განაპირობა „მიცუბიშ ეკლიფსის“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ;

ავტომობილების - ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ წინა მარცხენა ნაწილებით ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) განაპირობა ,,მერსედეს ბენცის“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ;

ავტომობილ „ისუზუ ტროპერის“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილ ,,მერსედეს ბენცთან“ შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც კონკრეტული შეჯახება განაპირობა, არ აღინიშნება.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ დანიშნული ექსპერტიზების დასკვნებით დადგინდა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები, კერძოდ, პირველი დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილ ,,მიცუბიშის“ მძღოლ გ. ჩ–ს ქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. აღნიშნული მუხლის მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში მძღოლ გ. ჩ–ს შეეძლო მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება; მიკროავტობუს ,,მერსედესის“ მძღოლ კ. თ–ს ქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, არ შეინიშნება და შეჯახების თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული მის ქმედებაზე, ხოლო, მე-2 დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილების - ,,ჰონდა ფიტის“ და „მიცუბიშ ეკლიფსის“ ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) განაპირობა „მიცუბიშ ეკლიფსის“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ და ავტომობილების - ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) განაპირობა ,,მერსედეს ბენცის“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ, 2014 წლის 1 ოქტომბერს პროკურორის დადგენილებით დაინიშნა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა, მათ შორის - იმის გასარკვევად, გ. ჩ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილების შეჯახებასთან და მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის შემთხვევაში, მოცემული მონაცემების გათვალისწინებით, შეეჯახებოდნენ თუ არა ერთმანეთს ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილები.

20. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარ ექსპერტებს - ი. ს–სა და ლ. ფ–ს, შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექსპერტს - გ. ბ–სა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის, სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებს - ზ. თ–სა და დ. გ–ს. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 11 ნოემბრის კომისიური ექსპერტიზის №..... დასკვნის თანახმად:

ავტომობილების - „მიცუბიშ ეკლიფსის“ და ,,ჰონდა ფიტის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა გზის მარცხენა, „ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში, „მიცუბიშ ეკლიფსის“ მარცხენა გვერდის წინა და ,,ჰონდა ფიტის“ წინა მარცხენა კარის წინა ნაწილებს შორის, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 5 გრადუსს;

ავტომობილების - ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა მათი წინა მარცხენა ნაწილებით გზის მარცხენა, ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 100-ს (ცდომილება ±50), რომელიც შემდგომ იზრდებოდა. აღნიშნული ავტომობილების მიერ შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვლების კოორდინატებიდან და ხასიათებიდან გამომდინარე, გასწრების მანევრის შესრულების პროცესში მყოფი ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“ შეჯახების მომენტში გადასული იყო და მოძრაობდა საპირისპირო, ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში;

ავტომობილების - ,,მერსედეს ბენცის“ უკანა ქვედა ნაწილსა და ,,ისუზუ ტროპერის“ წინა მარჯვენა ზედა ზედაპირს შორის ურთიერთკონტაქტისას მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 100÷150-ს. შეჯახების მომენტში ,,ისუზუ ტროპერი“ გადასული იყო და მოძრაობდა საპირისპირო, ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში.

ავტომობილ „მიცუბიშ ეკლიფსის“ მძღოლ გ. ჩ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას ავტომობილ „ჰონდა ფიტთან“ შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო;

მინივენ „მერსედეს ბენცის“ მძღოლ კ. თ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას ავტომობილ „ჰონდა ფიტთან“ შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო;

ავტომობილ „ჰონდა ფიტის“ მძღოლ თ. მ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის („მიცუბიში ეკლიფსის“ და „მერსედეს ბენცის“ შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;

ავტომობილ „ისუზუ ტროპერის“ მძღოლ ი. ც–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამასთან, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილ „მერსედეს ბენცთან“ შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული შეჯახება, არ აღინიშნება;

მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, თუ ავტომობილი „მერსედეს ბენცი“, ავტომობილების - „მიცუბიშ ეკლიფსის“ და „ჰონდა ფიტის“ ურთიერთკონტაქტის მომენტში იმოძრავებდა თავის სამოძრაო ზოლში, ავტომობილ ,,ჰონდა ფიტთან“ მისი მოძრაობის ტრაექტორია არ გადაიკვეთებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, ვერსიის დონეზე თუ დავუშვებთ, რომ ავტომობილი „მიცუბიშ ეკლიფსი“ დაასრულებდა გასწრების მანევრს შეჯახების გარეშე, ასეთ ვითარებაში „ჰონდა ფიტისა“ და მის სამოძრაო ზოლში გასწრების მანევრის შესრულების პროცესში მყოფ ავტომობილ „მერსედეს ბენცს“ შორის შესაძლებელი იყო, შექმნილიყო რეალურად მომხდარი საგზაო სიტუაციის ანალოგიური საგზაო სიტუაცია.

21. აღნიშნული დასკვნის შემდეგ პროკურორის 2014 წლის 17 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა დამატებითი კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ..........ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს. ექსპერტებს წარედგინათ კითხვები: გ. ჩ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილების შეჯახებასთან; კ. თ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილების შეჯახებასთან.

22. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტები ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე და მომზადდა ურთიერთწინააღმდეგობრივი დასკვნები, კერძოდ:

1. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის N....... დასკვნის (ექსპერტები: ი. ს–ე და ლ. ფ–ი) თანახმად, მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, კატეგორიული გადაწყვეტა საკითხისა - ავტომობილ ,,მიცუბიშ ეკლიფსის“ მძღოლ გ. ჩ–ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მიცუბიშ ეკლიფსის“ შეჯახება, არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ შეჯახებასთან, შეუძლებელია; მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ,,მერსედეს ბენცის“ მძღოლ კ. თ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ ,,საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ შეჯახება;

2. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ...........ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის (ექსპერტი - რ. ბ–ი) N..... დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „მიცუბიშ ეკლიფსის“ მძღოლ გ. ჩ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის უგულებელყოფა მიზეზობრივ კავშირშია ავტომობილ ,,ჰონდა ფიტსა“ და ავტომობილ ,,მერსედესს“ შორის შეჯახებასთან; ავტომობილ ,,მერსედესის“ მძღოლ კ. თ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის უგულებელყოფა მიზეზობრივ კავშირშია ავტომობილ ,,ჰონდა ფიტსა“ და ავტომობილ ,,მერსედესს“ შორის შეჯახებასთან;

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 დეკემბრის N......... დასკვნის (ექსპერტები - ზ. თ–ე და დ. გ–ი) თანახმად, მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ,,მიცუბიშ ეკლიფისის“ მძღოლ გ. ჩ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის უგულებელყოფა, რამაც განაპირობა ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მიცუბიშ ეკლიფისის“ შეჯახება, მიზეზობრივ კავშირში არ არის ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედესის“ შეჯახებასთან; მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ,,მერსედეს ბენცის“ მძღოლ კ. თ–ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ შეჯახება.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული დასკვნებისა და შესაბამისი ექსპერტების ჩვენებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კ. თ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მტკიცებას კ. თ–ს გამართლების თაობაზე, მის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო. დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად ეყრდნობა ექსპერტ გ. ბ–ს თავდაპირველად ავტოტექნიკური ექპერტიზის №.... დასკვნას და არადამაჯერებლად მიაჩნია შემდგომი დასკვნები, მაშინ, როცა 2014 წლის 11 ნოემბრის კომისიური ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, რომელშიც ასევე მონაწილეობდა რ. ბ–ი, ავტომობილების - ,,ჰონდა ფიტის“ და ,,მერსედეს ბენცის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა მათი წინა მარცხენა ნაწილებით გზის მარცხენა, ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 100-ს (ცდომილება ±50), რომელიც შემდგომ იზრდებოდა. აღნიშნული ავტომობილების მიერ შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვლების კოორდინატებიდან და ხასიათებიდან გამომდინარე, გასწრების მანევრის შესრულების პროცესში მყოფი ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“ შეჯახების მომენტში გადასული იყო და მოძრაობდა საპირისპირო, ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში; „მერსედეს ბენცის“ მძღოლ კ. თ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას ავტომობილ „ჰონდა ფიტთან“ შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო; მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, თუ ავტომობილი „მერსედეს ბენცი“, ავტომობილების - „მიცუბიშ ეკლიფსის“ და „ჰონდა ფიტის“ ურთიერთკონტაქტის მომენტში იმოძრავებდა თავის სამოძრაო ზოლში, ავტომობილ ,,ჰონდა ფიტთან“ მისი მოძრაობის ტრაექტორია არ გადაიკვეთებოდა. ასევე, მართალია, სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, ექსპერტმა გ. ბ–მ თავის მიერ გაცემული მე-.. დასკვნით კატეგორიულად დაადგინა, რომ პირველი შეჯახების გარეშე, მეორე შეჯახება არ მოხდებოდა, მაგრამ მანვე მიუთითა, რომ ავტომობილ ,,მერსედესის“ მძღოლ კ. თ–ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის უგულებელყოფა მიზეზობრივ კავშირშია ავტომობილ ,,ჰონდა ფიტსა“ და ავტომობილ ,,მერსედესს“ შორის მომხდარ შეჯახებასთან.

24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ბ–ს მიერ დამოუკიდებლად ჩატარებულ და მისი მონაწილეობით შედგენილ კომისიურ ექსპერტიზის დასკვნებს შორის სხვაობა ექსპერტმა თავად ახსნა მოწმის სახით დაკითხვისას და განმარტა, რომ კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში ჩაატარეს დამატებითი გამოკვლევები, არაერთხელ ასწიეს და დაათვალიერეს ავტომობილები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაწილებით იყვნენ კონკრეტული ავტომობილები ერთმანეთთან კონტაქტში და მათ რომელი ნაწილებით დატოვეს გზაზე არსებული კვლები საგზაო შემთხვევის შედეგად. საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ კვალი დატოვა ავტომობილ ,,მერსედესის“ კონკრეტულმა დეტალმა, კერძოდ, ქვედა მაყუჩმა (და არა ავტომობილის წინა მარცხენა საბურავმა, როგორც ეს პირველი კვლევის ფარგლებში ჰქონდა აღებული მას, როგორც ერთ-ერთი მონაცემი), რამაც შეცვალა კვლევის შედეგი, ვინაიდან კომისიური კვლევისას მისი პირველადი დასკვნისგან განსხვავებით, შეიცვალა მონაცემები - ავტომობილების შეჯახების კუთხე და ავტომობილების განლაგება შეჯახების მომენტში (16:10:17; 16:13:20); მაყუჩი ავტომობილის მარჯვენა მხრიდან დაცილებულია დაახლოებით 1,1 მ-ით. ამ მონაცემით კი დადგინდა, რომ ,,მერსედესი“ მთლიანად იყო ,,ჰონდა ფიტის“ სამოძრაო ზოლში (16:09:25). იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ,,მერსედესი“ იმოძრავებდა თავის სამოძრაო ზოლში, მისი შეჯახება ავტომობილ ,,ჰონდა ფიტთან“ არ მოხდებოდა, თუნდაც ,,ჰონდა ფიტს“ ემოძრავა ისე, როგორც იმოძრავა შეჯახებისას (16:10:58), აქედან გამომდინარე, ავტომობილ ,,მერსედესის“ მძღოლ კ. თ–ს მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის უგულებელყოფა მიზეზობრივ კავშირშია ავტომობილ ,,ჰონდა ფიტსა“ და ავტომობილ ,,მერსედესს“ შორის შეჯახებასთან (16:09:58; 16:11:39).

25. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 სექტემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური დასკვნის (ექსპერტები: ზ. თ–ე და დ. გ–ი) თანახმად: ავტომობილების „მიცუბიშ ეკლიფსის“ და ,,ჰონდა ფიტის“ შეჯახების შედეგად საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა არ დაზიანებულა და ურთიერთკონტაქტის შედეგად ,,ჰონდა ფიტი“ გზის სავალ ნაწილზე მკვეთრად არ შემობრუნებულა და არ მოცურებულა; შეჯახების მომენტში ,,ჰონდა ფიტი“ მთლიანად იყო თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო ,,მერსედეს ბენცი“ თითქმის მთლიანად იყო საპირისპირო სამოძრაო ზოლში და გადაადგილდებოდა თავის სამოძრაო ზოლისკენ.

26. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გ. ჩ–ს ბრალდების ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ვინაიდან ცალსახად ვერ დადგინდა გ. ჩ–ს ქმედებასა და დამდგარ შედეგთან მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალურადაა გაანალიზებული ერთი მხრივ, ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია კ. თ–ს უდანაშაულობის შესახებ და, მეორე მხრივ, ის არგუმენტები, თუ რატომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია გ. ჩ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

28. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

31. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. მ–სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე