დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1257-1277-2011 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. მ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მინაშენის მოშლა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, თ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მისი მოთხოვნა მინაშენის მოშლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, კ. მ-ს დაევალა სადავო მინაშენის სახურავის თ. ლ-ის კედელთან მიერთების ადგილას სათანადო ჰიდროიზოლაციის მოწყობა, სახურავის სამხრეთ კიდესათან წყალსარინელი სისტემის მოწყობა, წყლის გადაყვანით კ. მ-ის ეზოში. ასევე, თ. ლ-ის საცხოვრებელი სახლის სარინელი სისტემის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არსებული წყალშმკრები ძაბრიდან მოახდინოს წყლის გადაყვანა მისსავე ეზოში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ. ლ-ე ცხოვრობს ქ. ბათუმში, პ-ის ¹76-ში, ხოლო კ. მ-ი _ პ-ის ქ. ¹78-ში მდებარე სახლში. ისინი არიან მეზობლები.
კ. მ-ის ნაგებობით არაა დარღვეული სამეზობლო საზღვარი მასსა და თ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შორის.
კ. მ-ის კუთვნილი მინაშენის სახურავი და სარინელი სისტემა გაუმართავია, რის გამოც ატმოსფერული ნალექები აზიანებს თ. ლ-ის კუთვნილ სახლს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის მტკიცების ტვირთი, რომ კ. მ-ის ნაგებობით დარღვეული იყო სამეზობლო საზღვარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა აპელანტს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დგინდებოდა და აღნიშნული არ დასტურდებოდა ექსპერტის დასკვნითაც. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 19 სექტემბრის წერილითაც დგინდებოდა, რომ კ. მ-ის მიერ სამეზობლო საზღვარი დარღვეული არ არის. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ კ. მ-ის მიერ სამეზობლო საზღვრის დარღვევის ფაქტი რომც დადგენილიყო, მოთხოვნა უსაფუძვლო იქნებოდა, ვინაიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან წარმოდგენილი ცნობით დგინდებოდა, რომ უძრავი ქონების ინვენტარიზაცია მოხდა 1994 წლამდე და ამ პერიოდისათვის სადავო მინაშენი უკვე არსებობდა, ამასთან, აპელანტს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი იმ დროოიდანვე სადავოდ ხდიდა მინაშენის არსებობას, თუმც სააპელაციო პალატის განმარტებით, თავისი პოზიციის დასაბუტების შემთხვევაშიც კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტს მაინც ეკისრებოდა თმქნის ვალდებულება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მინაშენის მოშლის თაობაზე აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმ ნაწილში, რომ აპელანტის მოტხოვნა “სადავო ფართის სახურავიდან წვიმის დროს ცამონადენი წლის” თაობაზე არ შეიძლებოდა ყოფილიყო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარცელი არსებოთად მიმართული იყო იქეთკენ, რომ აღკვეთილიყო მოსარჩელის ქონებაზე მოპასუხის კუთვნილი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედება, შესაბამისად, პალატის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა თავის თავში მოიცავდა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნასაც _ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს დაევალებოდა მინაშენის მოშლა, ცხადია ატმოსფერული ნალექის გადმოღვრაც შეწყდებოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, პალატა, დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-ის კუთვნილი ნაგებობიდან გადმოსული ატმოსფერული ნალექით ზიანდებოდა აპელანტის საკუთრება.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 172.2-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ კ. მ-ი ვალდებული იყო ისე მოეწყო საკუთრებაში არსებული ქონება, რომ არ დაეზიანებინა აპელანტის კუთვნილი სახლი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ თ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, კ. მ-ს უნდა დავალებოდა, სადავო მინაშენის სახურავის თ. ლ-ის კედელთან მიერთების ადგილას სათანადო ჰიდროიზოლაციის მოწყობა, სახურავის სამხრეთ კიდესათან წყალსარინელი სისტემის მოწყობა, წყლის გადაყვანით კ. მ-ის ეზოში. ასევე, თ. ლ-ის საცხოვრებელი სახლის სარინელი სისტემის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არსებული წყალშმკრები ძაბრიდან მოახდინოს წყლის გადაყვანა მისსავე ეზოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:L
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დასტურდებოდა, რომ მინაშენი არღვევს სამეზობლო საზღვარს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 179.1-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 176-ე და 170-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი თენგის ლ-ე გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.