საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2022
საქმის ნომერი
2კ-48აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004740293

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №48აპ-22 ქ. თბილისი

ბ. ი., 48აპ-22 18 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ი. ბ-ს მიმართ სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 4000 ლარი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის აგვისტოში ი. ბ-მ, რომელსაც სურდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ, 5000 აშშ დოლარის სესხის მიღება და მაკლერმა - ნ. მ-მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ ნასესხებ თანხას, კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ი. ბ-ს კუთვნილი უძრავი ქონება არ იყო კეთილმოწყობილი და არ ჰქონდა 5000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის ღირებულება, ნ. მ-მა და ი. ბ-მ გადაწყვიტეს, თანხის გამსესხებლისათვის ეჩვენებინათ სხვა უძრავი ქონება, კერძოდ, ც. ბ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, ხოლო რეალურად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაეფორმებინათ სხვა უძრავი ქონების - ი. ბ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ. მ-მა მოიძია თანხის გამსესხებელი - გ. ღ., რომელიც დაარწმუნა, რომ გარიგება იყო სარფიანი და უსაფრთხო, ხოლო 2018 წლის 2 აგვისტოს ი. ბ-მ შუამავლები - ლ. ბ., ი. ხ. და ი. ა. შეიყვანა შეცდომაში, რითაც მოიპოვა გ. ღ-ს ნდობა და მოტყუებით აჩვენა მას კასპის რაიონის .. მდებარე ც. ბ-ს კუთვნილი - 1099 კვმ ფართის მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული - 202,26 კვმ ფართის ორსართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლით, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენდა - 39 200 ლარს. ი. ბ-მ დაარწმუნა გ. ღ. და მასთან ერთად მყოფი პირები, რომ უძრავი ქონება იყო მისი საკუთრება. იმავე დღეს თბილისში, .. არსებულ - ლ. ბ-ს სანოტარო ბიუროში, გ. ღ-სთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის № ხელშეკრულება, სულ სხვა, 14200 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობდა .. დაზუსტებული ფართობით - 300,00 კვმ; შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 128,5 კვმ; შენობა-ნაგებობა №2, საერთო ფართით - 27,6 კვმ, საკადასტრო კოდით - , რა დროსაც ი. ბ. და ნ. მ. მოტყუებითა და გ. ღ-ს ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაეუფლნენ მის კუთვნილ - 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტ - 13 500 ლარს. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, გამსესხებელ - გ. ღ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის ოფიციალურ მესაკუთრეს - რ. კ-ს (ამჟამად - რ. რ-ს) შორის. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებამდე ი. ბ-მ, ნ. მ-თან წინასწარი შეთანხმებით, გ. ღ-სა და შუამავლებს განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან აჩვენა გამსესხებელსა და შუამავლებს, იყო მისი საკუთრება, თუმცა ფაქტობრივად გაფორმებული ჰქონდა ახლო ნათესავის - რ. კ-ს სახელზე, რომელიც მოაწერდა ხელს გარიგებას. ი. ბ-მ გ. ღ-სა და შუამავლებს განუმარტა, რომ თანხას სესხად იღებდა თვითონ და არა - რ. კ. და მის დაბრუნებაზეც თვითონვე იყო პასუხისმგებელი, ხოლო იპოთეკით დასატვირთი უძრავი ქონება რეალურად იყო მისი საცხოვრებელი სახლი. გ. ღ. ენდო ი. ბ-ს, რადგან მისი საუბარი იყო დამაჯერებელი და მისი სიტყვების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა ი. ბ-სა და ნ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, გ. ღ-ს მიადგა 13500 ლარის - დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. ბ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები; ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ბ-ს კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის დამძიმება სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა, ხოლო, მეორე მხრივ, შენიშნავს, რომ, მსჯავრდებულის განმარტებით, იგი მიისწრაფვის სწორედ დაზარალებულთან შეთანხმების კვალდაკვალ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი