საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100120003678953
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №62აპ.-22 2 მარტი, 2022 წელი
გ–ი ე., 62აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ე. გ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მსჯავრდებულ ე. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2021 წლის 28 სექტემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 2 აპრილიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. გ–მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 2 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე მ. ხ–ს კუთვნილ ბინა N..-ში ალკოჰოლით მთვრალმა ე. გ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - თ. ხ–ს დედას - მ. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მცირე ზომის ურნა ესროლა თავის არეში და მიაყენა დაზიანება, საიდანაც წამოუვიდა სისხლი. ე. გ–ს ქმედების შედეგად მ. ხ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 2 დეკემბერს ადვოკატმა ი. კ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა ე. გ–სთვის ნაკლებად მკაცრი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ე. გ–ს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც აშკარად არ შეესაბამება ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, კერძოდ: ე. გ–მ გამოძიების დაწყებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს (საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადებაც პრეტენზიის არარსებობის თაობაზე), უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
3.3. ადვოკატის მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მიღწევა სავსებით შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით, ხოლო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრინციპს, ამასთან, აზარალებს მსჯავრდებულის ოჯახს - მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს, რომელთაც ფინანსურად უზრუნველყოფდა ე. გ–ი. რაც შეეხება რეციდივს, დაცვის მხარის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ხელს არ უშლის თავისუფლების აღკვეთისგან განსხვავებული სასჯელის დანიშვნას.
3.4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე - სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ე. გ–სთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სასამართლოებმა დაასაბუთეს მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ, ე. გ–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განაჩენით ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის (სსკ-ის 19,108-ე მუხლი) ჩადენისათვის, ამ მუხლისთვის არსებული ნასამართლობა მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს, შესაბამისად, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი და დანიშნული სასჯელი - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს შეესაბამება.
4.2. საკასაციო საჩივარში მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და დაზარალებულის პოზიცია სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლაში.
4.3. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა ე. გ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, დაზარალებულის პოზიცია, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლობა) გარემოებები, ასევე – ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. გ–ს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ე. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. კ–ს საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე