საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120004119035
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №911აპ-21 ქ. თბილისი
წ. დ. 911აპ-21 18 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას, მსჯავრდებულ დ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ჯ–სა და მსჯავრდებულ ი. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. დ. წ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
1.2. ი. ტ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. დ. წ–სა და ი. ტ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 8 სექტემბერს ზ–ს რაიონის სოფელ ი–ში ჯ. ტ–მ უვარგისი თხილი ჩააბარა ი. ჭ–ს თხილის მიმღებ პუნქტში, რამაც ი. ჭ–სა და ჯ. ტ–ს შორის წარმოშვა კონფლიქტი, რა დროსაც ი. ჭ–მ შეურაცხყოფა მიაყენა ჯ. ტ–ს. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ჯ. ტ–ს შვილმა - ი. ტ–მ და მისმა დეიდაშვილმა დ. წ–მ, რომელთათვისაც ცნობილი გახდა ი. ჭ–ს მიერ ჯ. ტ–სთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, 2020 წლის 9 სექტემბერს, დღის საათებში ზ–ს რაიონის სოფელ ი–ში, შურისძიების მოტივით, ი. ჭ–ს მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ბლაგვი საგანი მრავალჯერ ჩაარტყეს მას თავის არეში. ი. ტ–სა და დ. წ–ს მიერ მიყენებული დაზიანებებით ი. ჭ–ა 2020 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით:
3.1. დ. წ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3.2. დ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. დ. წ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 10 სექტემბრიდან.
3.4. ი. ტ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე.
3.5. ი. ტ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.6. ი. ტ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 10 სექტემბრიდან.
4. სასამართლომ დაადგინა:
4.1. 2020 წლის 8 სექტემბერს ზ–ს რაიონის სოფელ ი–ში ი. ჭ–სა და ჯ. ტ–ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი ჩაბარებული თხილის ხარისხთან დაკავშირებით, რა დროსაც ი. ჭ–მ შეურაცხყოფა მიაყენა ჯ. ტ–ს. მეორე დღეს, სიტუაციის გარკვევის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დ. წ, ი. ტ–ა და სხვები. ი. ტ–სა და ი. ჭ–ს შორის დაწყებულ კონფლიქტში ჩაერთო დ. წ–აც, რომელმაც გაარტყა ი. ჭ–ს. ი. ჭ–მ დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი.
4.2. 2020 წლის 8 სექტემბერს ზ–ს რაიონის სოფელ ი–ში ი. ჭ–სა და ჯ. ტ–ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი ჩაბარებული თხილის ხარისხთან დაკავშირებით, რა დროსაც ი. ჭ–მ შეურაცხყოფა მიაყენა ჯ. ტ–ს. მეორე დღეს, სიტუაციის გარკვევის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დ. წ., ი. ტ–ა და სხვები. ადგილზე დ. წ–ს ესაუბრა ი. ჭ–ა, რის შემდეგაც მოირბინა ი. ჭ–მაც. ის აგრესიულად იყო განწყობილი, რის გამოც შელაპარაკება მოუვიდა თ. ქ–თან, თუმცა კონფლიქტი განმუხტა ჯ. ბ–მ. აღნიშნულის შემდეგ დ. წ., ი. ტ–ა და სხვები ჩასხდნენ ავტომანქანაში და წასვლას აპირებდნენ, რა დროსაც ი. ჭ–ა მივიდა ავტომობილთან და უთხრა დ. წ–ს, რომ თუ სურდა სიტუაციაში გარკვევა, გადმოსულიყო ავტომობილიდან. დ. წ–ამ შესთავაზა, ჩამჯდარიყო ავტომობილში მათთან ერთად, რაც ი. ჭ–მ იუარა. ამის შემდეგ დ. წ. გადმოვიდა ავტომობილიდან და ი. ჭ–სთან ერთად გავიდნენ მოშორებით. მათ გაჰყვა ი. ტ–აც, რომელიც დაეწია ი. ჭ–ს და დ. წ–ს. დ. წ–ამ გაასწრო დანარჩენებს, ხოლო ი. ტ–მ და ი. ჭ–მ გააგრძელეს საუბარი, რა დროსაც ი. ჭ–მ შეაგინა ი. ტ–ს მამას - ჯ. ტ–ს. აღნიშნულის პასუხად ი. ტ–მ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახეში ი. ჭ–ს, ხოლო ერთ-ერთი დარტყმისას ი. ჭ–ა, დარტყმის სიძლიერის გამო, დაიხარა, რა დროსაც ი. ტ–მ მას სახეში ჩაარტყა მუხლი, რამაც გამოიწვია ძვლის მოტეხილობა, რის შემდეგაც ი. ჭ–მ გონება დაკარგა და დაეცა. მან კეფა დაარტყა ასფალტს, რამაც ასევე გამოიწვია ძვლის მოტეხილობა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი. ჭ–ა გარდაიცვალა.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.1. სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა არონიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენის გაუქმება და დ. წ–სა და ი. ტ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
5.2. მსჯავრდებულების - ი. ტ–სა და დ. წ–ს - ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ. გ–მ და ი. ჯ–მ მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა: მსჯავრდებულ დ. წ–ს გამართლება, ხოლო ი. ტ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 116-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენით:
6.1. დ. წ–სა და ი. ტ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
6.2. დ. წ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილზე.
6.3. დ. წ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6.4. დ. წ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2020 წლის 10 სექტემბრიდან.
6.5. ი. ტ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილზე.
6.6. ი. ტ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6.7. ი. ტ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2020 წლის 10 სექტემბრიდან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
7.1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი - ანა არონია საკასაციო საჩივრით ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას და განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. წ–სა და ი. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
7.2. მსჯავრდებულების - დ. წ–სა და ი. ტ–ს - ინტერესების დამცველი ადვოკატები ი. ჯ–ა და ვ. გ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. წ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და ი. ტ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. წ–სა და ი. ტ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ. წ–ამ და ი. ტ–მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. წ–ს გამართლებისა და ი. ტ–ს ქმედების სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე.
11. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა: ს. ბ–ს, ლ. გ–ს, მ. ქ–ს, ი. ჭ–ას, თ. ჩ–ს, ნ. გ–ს, კ. ე–ს, თ. ქ–ს, კ. ჯ–ს, ბ. გ–ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული უდავოდ ცნობილი აუდიოჩანაწერებით, 2020 წლის 25 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით, მსჯავრდებულების: დ. წ–სა და ი. ტ–ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. წ–სა და ი. ტ–ს მიერ ი. ჭ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით დასტურდება, რომ ი. ჭ–ს სახეზე 10 დამოუკიდებელი დაზიანება ჰქონდა, ასევე დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. მოწმე ს. ბ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ერთჯერადი დაცემით ან ერთჯერადი ზემოქმედებით ამ დაზიანებების მიყენება გამორიცხულია. 10 დაზიანება იყო თავის არეში, ერთმანეთისგან იზოლირებული. ყველა დაზიანება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია.
13. სასამართლო ითვალისწინებს დაზიანებათა რაოდენობას და ხარისხს, ინციდენტის გაგრძელებას დროის ძალიან მცირე მონაკვეთის მანძილზე, შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე სხვა პირთა არ ყოფნას და რომ მსჯავრდებულებს (შემთხვევის ვითარების გათვალისწინებით) არაფერი უშლიდათ ხელს სისრულეში მოეყვანათ განზრახვა - ი. ჭ–ს მოკვლა - ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დ. წ–სა და ი. ტ–ს ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირების შესახებ.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას, მსჯავრდებულ დ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ჯ–სა და მსჯავრდებულ ი. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. გ–ს საკასაციო საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე