საზედამხედველო

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
4აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142221700352086

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №4აგ-22 ქ. თბილისი

ბ. ბ. 4აგ-22 2 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა - ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ. ბ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 მარტიდან.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ:

- 2019 წლის 16 მარტს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ. ბ–ე ქ.ზ–ში, ა–ის ქუჩის №..-ში მცხოვრებ რ. ც–ს საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ. ც–ს კუთვნილ „TT-C“ სისტემის პისტოლეტს, თავისივე მჭიდით, რაც იმავე დღეს მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ქ.ზ–ში, .......ს ქუჩაზე. „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2019 წლის 16 მარტს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

- 2019 წლის 16 მარტს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ. ბ–ემ შეაღწია ქ.ზ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში მცხოვრებ რ. ც–ს საცხოვრებელ სახლში, დააზიანა ლითონის საცავი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ. ც–ს კუთვნილ, 600 ლარად ღირებულ „TT-C“ სისტემის პისტოლეტს, თავისივე მჭიდით, რაც 2019 წლის 16 მარტს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ბ. ბ–ე ითვლებოდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევ პირად, 2019 წლის 16 მარტს ქ.ზ–ში, .........ის ქუჩაზე, ატარებდა ცივ იარაღს – მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების დასაკეც, ტურისტული ტიპის დანას, რაც 2019 წლის 16 მარტს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

- 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბ. ბ–ე მივიდა ქ.ზ–ში, ...........ის ქუჩის №..-ში მდებარე ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც თავს დაესხა შენობის პირველ სართულზე მყოფ ოპერატიულ მორიგეს - ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ. მ–ს და ამავე სართულზე მყოფ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. შ–ს, კერძოდ: „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პოლიციის მუშაკებს - რ. მ–სა და გ. შ–ს. ბ. ბ–ს დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა და იგი დააკავეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ო–ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ბ. ბ–ემ, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება იმ მოტივით, რომ მან წარმოადგინა ახალი მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი, ამტკიცებს მის უდანაშაულობას და პოლიციელების - გ. შ–სა და რ. მ–ს მიერ ცრუ ჩვენების მიცემას, კერძოდ: მან მოიპოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 მაისის დასკვნა, რომელიც ამხელს პოლიციელებს ცრუ ჩვენების მიცემაში; მოწმეები - გ. შ–ი და რ. მ–ი მიუთითებდნენ, რომ მან პოლიციის შენობაში შესვლისთანავე ამოიღო ,,TT-ს“ ტიპის პისტოლეტი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში (შეაყენა ფეხზე) და დაიწყო მათი მისამართით მუქარა და გინება, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ პისტოლეტის მჭიდში ვაზნები არ იყო; საქმის არსებითი განხილვის დროს ამტკიცებდა, რომ პოლიციელები ცრუობდნენ, რადგან ცარიელი პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელი იყო; პოლიციელთა ჩვენებებისა და ვიდეოკადრების შედარებით შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მისი კეთილგანწყობილი შესვლა პოლიციაში, სამხედრო წესით მისალმება და ა.შ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ბ–მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლი.

3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯვის საფუძვლებს და ასეთებად მიიჩნევს შემთხვევებს, როდესაც:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები და ფაქტები არ უნდა ყოფილიყო მისთვის ცნობილი გადასასინჯი განაჩენის დადგენის დროს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19) და იმავდროულად უნდა ადასტურებდეს - მოცემულ შემთხვევაში - მის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბ. ბ–ს მიერ შუამდგომლობასა და საჩივარში ( შესაბამისად) მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და რომელიც ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, კერძოდ: ბ. ბ–ე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, გარდა იმისა, რომ ცდილობდა დაემტკიცებინა ვიდეოკადრების მონტაჟისა და პოლიციელთა მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი, ასევე უთითებდა, რომ ვაზნების გარეშე შეუძლებელი იყო კონკრეტული პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. ამდენად, აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო სამართალწარმოებაში მონაწილე პირებისთვის, ხოლო ბ. ბ–ს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს სსსკ-ის მე-9, 25-ე და 144-ე მუხლების საფუძველზე წარმოედგინა მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

6. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - ლ. ს-ს 2021 წლის 28 მაისის (მსჯავრდებულ ბ. ბ–ს მიერ განცხადებაში დასმულ კითხვებზე) პასუხის თანახმად, პისტოლეტ ,,TT-ს“, კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, მჭიდში ვაზნების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ჩამკეტ-გარსაცმის სიგრძივ უკან გადაწევითა და შემდგომ გაშვებით, საცემ-სასხლეტი მექანიზმის ზამბარის შეკუმშვა და ჩახმახის საბრძოლო (შეყენებულ) მდგომარეობაში დაყენება, მაგრამ მჭიდში ან მხოლოდ სავაზნეში ცალკეული ვაზნების არსებობის გარეშე, მთლიანობაში პისტოლეტი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილად ვერ ჩაითვლება, რადგან ვაზნის გარეშე შეუძლებელია პისტოლეტის ფუნქციური დანიშნულების განხორციელება - გასროლა. ამდენად, ექსპერტმა განმარტა, რომ მთლიანობაში პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა თავისი ფუნქციური დანიშნულებით, რაც გულისხმობს გასროლას, შეუძლებელია მჭიდში ან სავაზნეში ვაზნების მოთავსების გარეშე და არა ის გარემოება, რომ მჭიდში ვაზნების არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია ჩახმახის საბრძოლო (შეყენებულ) მდგომარეობაში დაყენება.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. ბ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ბ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე