საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004882337
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №354აპ-22 ქ. თბილისი
მ. გ. 354აპ-22 17 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
შპს „–ი“ საშუამავლო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა კომპანიისგან ყიდულობს ტვირთვის გადაზიდვის მომსახურებას, მოგების გათვალისწინებით განსაზღვრავს ფასს და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების რეალიზებას ახდენს სხვადასხვა კომპანიაზე.
შპს „ტ–ს“ სარკინიგზო გადაზიდვების დეპარტამენტის მენეჯერმა - გ. მ–მ საზოგადოების სახელით სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა 405 684 აშშ დოლარის ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ხელშეკრულება. მანვე, საზოგადოების კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მიღების მიზნით, 405 684 აშშ დოლარად შეძენილი მომსახურების რეალიზება მოახდინა სხვადასხვა კომპანიაზე 313 483 აშშ დოლარად.
აღნიშნულმა ქმედებამ 92 201 აშშ დოლარის - დიდი ოდენობის ზიანი გამოიწვია (304 503 ეკვივალენტი ლარში).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გ. მ–ისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. მ–ის მიმართ დარჩა უცვლელი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. მ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მისი აღიარების გარდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
10. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს (აღიარებს დანაშაულს და ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), იმ გარემოებას, რომ გ. მ–ი პირველად არის სამართალში, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც..საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ), იმ გარემოებას, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. იმავდროულად, სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას - სასჯელი განსაზღვრისას მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობის გათვალისწინების შესახებ. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშნვის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე N 1019აპ-09; 2014წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N 390აპ-14).
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე