საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.04.2022
საქმის ნომერი
2კ-195აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004821831

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№195აპ-22 ქ. თბილისი

მ. გ., 195აპ-22 19 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; პროკურორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და არასწორად მიიჩნია, რომ საქმეზე მოწმეებად დაკითხული პატრულ-ინსპექტორების გამოძიებაში, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი, რადგან ე. პ-მ და ნ. ძ-მა დამატებითი გამოკითხვებისას მხოლოდ დააზუსტეს საქმის გარემოებები, რაც არ ეწინააღმდეგებოდა მათ თავდაპირველ განმარტებებს, მითუფრო, როდესაც მოწმეებმა ამომწურავი ჩვენებები მისცეს სასამართლოს; უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება, რომ ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება, რადგან, ერთი მხრივ, ბრალდების მხარე კანონისმიერად იყო შეზღუდული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეზე გამოეთხოვა პატრულ-ინსპექტორების სამხრეკამერების ჩანაწერები, ხოლო, მეორე მხრივ, ამოღებულ დანაზე ბიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა მასთან გ. მ-ს კავშირის დასადგენად, რადგან დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის კვლევისას დანა დაამუშავეს ციანოაკრილატის ასაორთქლებელ სპეციალურ კამერაში ციანოაკრილატის ორთქლით, რამაც აზრი დაუკარგა ბიოლოგიურ ექსპერტიზას; რაც შეეხება გ. მ-ს თანმხლები პირების გამოკითხვას, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რომლის ფარგლებში მხარეები არ არიან შეზღუდულნი, მოიპოვონ და სასამართლოს წარუდგინონ თავიანთი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

2. გამართლებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა. საკასაციო შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ-ს ბრალად დაედო განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2015 წლის 14 მაისს გ. მ. გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 თვითა და 26 დღით ადრე.

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდწელი ნაწილი და გ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. 2019 წლის 28 მაისს თბილისში, .. მიმდებარედ, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. მ. ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

4. გ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა ჯარიმა - 1000 ლარი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი და გ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ გ. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა გ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სუბიექტური შეფასებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდების მხარეს, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოში წარმოედგინა არაერთი ნეიტრალური მტკიცებულება გ. მ-ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, მაგრამ წარმოდგენილი სამხილებით სარწმუნოდ ვერ გაქარწყლდა ამოღებული დანის კუთვნილებასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo პრინციპის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებელი ეჭვები მართებულად გადაწყვიტეს გ. მ-ს სასარგებლოდ.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. მ-ს ბრალეულობას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი