საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003771378
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №233აპ-22 ქ. თბილისი
ს. ვ., 233აპ-22 20 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ვ. ს-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არის უკანონო და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; კასატორის მითითებით, სასამართლომ ვ. ს-სათვის სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ხასიათი, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და პოტენციური საფრთხე, რომელიც თან სდევს ლმობიერი სასჯელის გამოყენებას; მხოლოდ ნასამართლობის არქონა, ბრალის აღიარება და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა ვერ შეამსუბუქებს ოჯახური ძალადობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და ვერ გააქარწყლებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ალბათობას.
2. მსჯავრდებულ ვ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ-მ საკასაციო შესაგებლით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ვ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის თებერვალ-მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის მარტ-აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 31 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 აპრილიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ს-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2020 წელს, დაახლოებით თებერვალ-მარტში, .. მდებარე სახლში, ვ. ს-მა ყოფილ მეუღლეს - ქ. ნ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოკიდა ხელები მხრებზე და შეაჯანჯღარა. აღნიშნული ფაქტი განმეორდა ორჯერ, რის შედეგადაც ქ. ნ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. 2020 წელს, დაახლოებით მარტ-აპრილში, ... მდებარე სახლში, ვ. ს-მა ყოფილ მეუღლეს - ქ. ნ-ს თავში ძლიერად ჩაარტყა ფეხსაცმელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.3. 2020 წლის 31 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, .. მდებარე სახლში, ვ. ს-მა ყოფილ მეუღლეს - ქ. ნ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეეცადა ხელი ყელში წაეჭირა, რა დროსაც დაუზიანა ძეწკვი, ძლიერად მოქაჩა მარცხენა მკლავზე და ასევე -რამდენჯერმე ხელი ძლიერად დაარტყა სახეში, რის შემდეგაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.4. ვ. ს. 2019 წლის 25 აპრილიდან 2019 წლის 26 დეკემბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ. ნ-თან. ქორწინების პერიოდსა და მას შემდეგ - 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით, იგი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ქ. ნ-ს, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
4.5. 2019 წლის დეკემბერში, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ს-მა მეუღლეს - ქ. ნ-ს წაართვა მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ესროლა კედელს და გაანადგურა. ვ. ს-ს ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა -400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ვ. ს-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. ს-ს კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა თავის გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ - ვ. ს-სათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სასამართლოს მიერ დადგენილი 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი