დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 03.11.2011
საქმის ნომერი
ას-1221-1241-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.11.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# as-734-1103-06 ** *****, 2007 w №ას-1221-1241-2011 3 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ა-ა, კ. ს-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-ასა და კ. ს-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 8875 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ა-ის №4-ში მდებარე 39,50 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე (ი. ა-ასა და კ. ს-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სადავო საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების _ 19750 აშშ დოლარის 75%-ის _ 15000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ აღნიშნულ ფართზე ს. კ-ის მფლობელობის შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ი. ა-ასა და კ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ა-ასა და კ. ს-ს დაეკისრა მოპასუხე ს. კ-ის სასარგებლოდ მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის _ 26 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ი. ა-ასა და კ. ს-ის მიერ ს. კ-ისათვის 26 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისGგადახდის შემდგომ ქ.თბილისში, ა-ის ქ.№4-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე (საცხოვრებელი ფართია 24.18 კვ.მ, ხოლო არასაცხოვრებელი ფართი _ 15. 32 კვ.მ, სულ _ 39.5 კვ.მ) შეწყდება ს. კ-ის მფლობელობა და საცხოვრებელი სადგომი გადაეცემა ი. ა-სა და კ. ს-ს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ი. ა-ამ და კ. ს-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ქ.თბილისში, ა-ის ქ.№4-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი წარმოადგენს ი. ა-ასა და კ. ს-ის თანასაკუთრებას.

ს. კ-ე 39.5 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სადგომს ფლობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე.

მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება, საიდანაც უნდა იქნეს გამოანგარიშებული მესაკუთრეთა მიერ მოსარგებლისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხის ოდენობა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელემ, სადავო უძრავი ქონების ღირებულების დადგენის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №კ-1621/18/19 დასკვნა, რომლის შესაბამისად სადავო უძრავი ქონების 1 კვ.მ-ს საბაზრო ღირებულება 2009 წლის ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შედგენდა 900 აშშ დოლარს, ხოლო მთლიანად სადავო ფართის _ 39.50 კვ.მ-ის ღირებულება კი _ 35 500 აშშ დოლარს.

პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა აუდიტორული შეფასების აქტი, რომლითაც სადავო უძრავი ქონების 1 კვ.მ სასარგებლო ფართის ღირებულება 2006 წლის 31 მაისის მდგომარეობით განსაზღვრული იყო 400 აშშ დოლარით, ხოლო 1 კვ.მ სამეურნეო ფართის – 120 აშშ დოლარით. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ი. ა-ა და კ. ს-ი განმარტავდნენ, რომ აუდიტორული დასკვნის შედგენის შემდგომ ბინის ღირებულება შემცირდა.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 31 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნით სადავო საცხოვრებელი სადგომის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 35 500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ 2010 წლის 31 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა სადავო ქონების საქმეში წარმოდგენილი ბოლო შეფასებაა, ამდენად, სწორედ ის უნდა იქნეს გამოყენებული სადავო სადგომის საბაზრო ღირებულების განსასაზღვრად. შესაბამისად, მოსარგებლის მფლობელობიდან საცხოვრებელი სადგომი გამოთხოვილ უნდა იქნეს 35 500 აშშ დოლარის 75%-ის, ანუ 26 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ა-ასა და კ. ს-ის წარმომადგენელმა თ.ტ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან სადავო ფართის ღირებულების საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრას არ დაეთანხმა. კასატორმა მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე შეინიშნება ფასების კლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ასა და კ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ა-ასა და კ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს _ ი. ა-ასა და კ. ს-ს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 5 აგვისტოს თ.ტ-ის მიერ გადახდილი 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ა-ასა და კ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ი. ა-ასა (პირადი №...) და კ. ს-ის (პირადი №……) დაუბრუნდეთ შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150, დანიშნულება _ „სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე“ თ.ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 70 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია