საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.04.2022
საქმის ნომერი
2კ-127აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №127აპ-22 თბილისი

კ. ლ., 127აპ-22 11 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. კ-ის ადვოკატ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით:

· ლ. კ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2020 წლის 30 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო;

· ლ. კ-ეს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით განესაზღვრა შპს „............ ცენტრში“ (........) მოთავსება, არანებაყოფლობითი, სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც მან სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთი წესით.

2. განაჩენის მიხედვით, ლ. კ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:05 საათზე, ქ. წ-ში, -ის ქუჩის - შესახვევის №--ში მდებარე სახლში, პირადი საკითხების გამო წარმოშობილი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, განაწყენებულმა, მთვრალმა ლ. კ-ემ, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით ტანჯვის მიყენების მიზნით, ოთახში აღებული ხის სკამის სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერ დარტყმით, სახლის მესაკუთრე რ. კ-ს მიაყენა დაზიანებები, კერძოდ: შუბლსა და თხემის მიდამოში ცენტრალურად, კეფისა და თხემის მიდამოებში მარცხნივ და მარჯვნივ და მარცხენა მხარის უკანა ზედაპირის შუა მესამედში უსწოროკიდეებიანი ჭრილობები; შუბლის მიდამოში ცენტრალურად, მარჯვენა წინა მხარის უკანა ზედაპირის ქვედა მესამედში და მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ნაჭდევები, ხოლო შუბლის მიდამოში მთლიან ფრთაზე, ორივე ლოყაზე, ცხვირის ზურგზე, მარცხენა მხრის გარეთა და შიგნითა ზედაპირის ზედა, შუა და ქვედა მესამედების დონეზე, მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარცხენა წინა მხარის ზედაპირის შუა და ქვედა მესამედების დონეზე, მარცხენა და მარჯვენა მტევნების უკანა ზედაპირებზე მიაყენა მრავლობითი სისხლნაჟღენთები. აღნიშნულმა დაზიანებებმა გამოიწვია სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის შემდეგი დაზიანებები: სისხლჩაქცევები - თავის ქალის რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში, თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით, ასევე გულმკერდის მიდამოს ბლაგვი დახურული ტრავმა მარცხნივ ლავიწის შუა ხაზზე მე-5, მე-6 და მე-7 ნეკნების მოტეხილობებით, კორონაროათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის შეშუპება, ფილტვების შეშუპება და ემფიზემა, ინტრარენული სისხლძარღვების ათეროარტერიოლოსკლეროზი. ქალა-ტვინის ბლაგვი დახურული ტრავმის გამო განვითარებული თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპების (ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით) შედეგად რ. კ-ი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. კ-ის ადვოკატმა ნ. ბ-ამ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება, ხოლო უარის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით ლ. კ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. კ-ის ადვოკატმა ნ. ბ-ამ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას, ხოლო უარის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით ლ. კ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ლ. კ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამავე დროს, ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. კ-ის ადვოკატ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე