საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.05.2022
საქმის ნომერი
2კ-207აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100121004993213

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №207აპ-22 თბილისი

მ. ვ., 207აპ-22 16 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ვ. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 21 სექტემბრის ჩათვლით და საბოლოოდ, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ვ. მ-ს შეფარდებული სასჯელი - 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - ჩაეთვალა სრულად მოხდილად.

2. განაჩენის მიხედვით, ვ. მ-ს მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 თებერვლიდან ვ. მ. დაქორწინებული იყო თ. ბ-ზე. 2021 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, .. მდებარე ნ. და თ. ბ-ების მშობლების სახლში, მეუღლის - თ. ბ-ს შინ გვიან დაბრუნებით განაწყენებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. მ-მა, ოჯახური კონფლიქტისას, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, კერძოდ: უყვიროდა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ ყელზე ხელი მოუჭირა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ვ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სანქციის ფარგლებში, დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ვ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სანქციის ფარგლებში დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.

7. მსჯავრდებულ ვ. მ-ს ადვოკატი ბ. ზ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ვ. მ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამო არ დაუმძიმა სასჯელი ვ. მ-ს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე