საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121004612951
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №109აპ.-22 18 აპრილი, 2022 წელი
მ–ი გ., 109აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით გ. მ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (2021 წლის 13 აპრილიდან - 2021 წლის 16 აპრილის ჩათვლით) და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით.
1.2. ამავე განაჩენით გ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. მ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
1.4. ზემოაღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, ზ–ს დასახლების მე-... მ/რ, მე-.. კვარტალი, მე-..კორპუსი, ბინა N...-ში, გ. მ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, თ. ლ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც თ. ლ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 2 დეკემბერს პროკურორმა დავით ხვედელიძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გ. მ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, ასევე გირაოს სახით გადახდილი თანხის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის, პროკურორ დავით ხვედელიძის პოზიციით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის, რაც მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში გამოიხატა. ამასთან, მან უგულებელყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები, ნასვამი კვლავ მივიდა დაზარალებულთან, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს არ შეუძლია ეფექტური კონტროლი გაუწიოს საკუთარ სურვილებსა და ქმედებებს და ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა მისთვის წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელ გარემოებას, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სასჯელის დანიშვნისას.
3.3. პროკურორის აზრით, სასამართლოს მიერ გ. მ–ისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შერჩევამ ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის საფრთხის პრევენცია, შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებები, რომ ის ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა განმტკიცებული მსჯავრდებულის ქმედებებით, რასაც იმავე დაზარალებულის მიმართ ჩადენილ ახალ დანაშაულში ბრალდების წარდგენაც ადასტურებს.
3.4. კასატორის პოზიციით, უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს სახით გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში არგადარიცხვის თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულმა დაარღვია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობა, რის გამოც ბრალდების მხარემ პირველივე შესაძლებლობისთანავე, წინასასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის მხედველობაში მიღებით იშუამდგომლა გ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლა და ბრალდებულის სასარგებლოდ ვ. გ–ს მიერ გადახდილი თანხის - 5000 ლარის აღსასრულებლად მიქცევა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას გ. მ–ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გ. მ–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის - 130 საათის გამოყენება.
4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს გ. მ–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მათ შორის - ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მათ შორის - ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და გ. მ–ს განუსაზღვრეს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სამართლიანია. გ. მ–ისთვის გამოყენებული სასჯელის შეფასებისას გასათვალისწინებელი გარემოებაა ისიც, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. კანონიერია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პროკურორის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. მ–ის მიმართ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის აღსასრულებლად მიქცევისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ბრალდების მხარეს იგივე პოზიცია არ ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
4.4. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე