საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003292786
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №309აპ-22 ქ. თბილისი
ჯ.დ. 309აპ-22 1 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ჯ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. დ. ჯ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. დ. ჯ–ი და მ. ს. ა–ი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის ხშირად ხდებოდა კამათი. 2018 წლის 3 აპრილს, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში, დ. ჯ–მ ოჯახური კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მ. ს. ა–იზე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს, რამდენჯერმე ხელი მოუჭირა და დაარტყა მხრებზე, რა დროსაც მ. ს. ა–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2018 წლის 24 ივლისს, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში, დ. ჯ–მ ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მ. ს. ა–იზე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს, მოქაჩა თმა და რამდენჯერმე ხელი დაარტყა მხრებზე, რა დროსაც მ. ს. ა–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2019 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ე–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, დ. ჯ–მ ოჯახური კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მეუღლე - მ. ს. ა–ი იყო ორსულად, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი დაარტყა ყელის არეში, მარჯვენა მტევანზე, მარცხენა მხარსა და მკერდის არეში, რა დროსაც მ. ს. ა–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დ. ჯ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. დ. ჯ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე. დ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 თვით და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. დ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 11 ოქტომბრიდან - 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დ. ჯ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდში) გამართლება და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდება განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდში) გამართლებისა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. ჯ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად.
10. დ. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი - 2018 წლის 3 აპრილისა და 2018 წლის 24 ივლისის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ მ. ს. ა–ის წინააღმდეგობრივი ჩვენება. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის დანაწესესს, ასევე საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.
11. საქართველოს სსკ–ის მე-111 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრს მიეკუთვნება მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება დ. ჯ–სა და მ. ს. ა–ს შორის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული საქორწინო ურთიერთობის არსებობა ანდა მათ შორის მუდმივი თანაცხოვრება და ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის წარმოება. სასამართლოში დაკითხვისას მხოლოდ დაზარალებულმა მიუთითა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო დ. ჯ–თან, რაც არ დაადასტურეს თავად დ. ჯ–მ, მოწმეებმა: ჰ. ლ–მა ( დაზარალებულის მეგობარი), დ. ჯ–ის დედამ - ფ. რ–მ, დამ - ე. ჯ–მ და სიძემ - ა. ფ–მ, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს, რომ დ. ჯ–ი და მ. ს. ა–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. ასევე მოწმეებმა: ლ. ლ–მ, ნ. მ–მა, გ. კ–მ ნ. კ–მ, ფ. მ–მა - რომელთაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ დ. ჯ–თან - ცალსახად უარყვეს დ. ჯ-ს მ. ს. ა–ისთან როგორც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის, ასევე - ერთად ცხოვრების ფაქტი. ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფი მსჯავრდებული და დაზარალებული კი (დაზარალებულის ორსულობის გათვალისწინებითაც) - სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის, ვერ ჩაითვლებიან ოჯახის წევრებად.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ჯ–ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
13. დ. ჯ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და დ. ჯ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება, ბრალდების მხარის მითითება დაზარალებულის ორსულობის გამო დანიშნული სასჯელის გამკაცრებაზე დაუსაბუთებელია, რადგან მითითებული გარემოება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელია და იწვევს პასუხისმგებლობის დამძიმებას, შესაბამისად, განმეორებით სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე